იზოლდა ქიტესაშვილი კენკროვანი კულტურების წარმოებას აფართოებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იზოლდა ქიტესაშვილს რამდენიმე წელია კენკროვანი კულტურები მოჰყავს.

სანანდრეასის ჯიშის მარწყვის პირველ მოსავალს, რომელიც 4 ათას კვადრატულ მეტრზე აქვს გაშენებული, მაისში ელოდება.

ფერმერი ამბობს, რომ მარწყვის ეს ჯიში მსხმოიარობით, გამძლეობითა და გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.

,,სანანდრიასის მარწყვის პლანტაცია ოქტომბრის ბოლოს მულჩზე გავაშენეთ. ეს მეთოდი გამოვიყენეთ პირველად, რადგან არის ეკონომიური. რაც ეს მარწყვი იცოცხლებს, სავარაუდოდ, 4-5 წლის მანძილზე მას არ დასჭირდება გათოხნა, გამარგლა. სასუქებს შევიტან წვეთოვანი სისტემით. მოსავლელად მარტივია, შემოსავლიანი, ამიტომ იმედი მაქვს, რომ მიმდევრები გამოგვიჩნდებიან. მომყავს ჟოლოც, ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება კენკროვანი ხილის მოყვანაა“, – განაცხადა იზოლდა ქიტესაშვილმა.

ფერმერი აღნიშნავს, რომ მარწყვის ნერგები, რომელიც მულჩის მეთოდით სპეციალურ ცელოფანშია განთავსებული, პირველად გამოიყენა. ცელოფანში გაყვანილია წყლის წვეთოვანი სისტემაც, რომლის მეშვებით როგორც მორწყვა, ასევე სასუქების შეტანა იქნება შესაძლებელი. იგი პროდუქტის უხვმოსავლიანობაშიც დარწმუნებულია და აღნიშნავს, რომ 22 ათასი ძირისგან 22 ტონა მარწყვის მოსავალს აიღებს.

,,მარწყვი შეფუთულია სპეციალური წარმოების ცელოფანში, რომლის გამძლეობა არის 4 წელი, არ ზიანდება. შიგნით არის ჩარგული მარწყვი, ამოჭრილი აქვს ადგილები, სადაც უნდა გამოიტანოს ყვავილები და შემდეგ მარწყვი დაისხას. ბალახი არის ცოტა. ცელოფანში გაყვალინილია წლის წვეთოვანი სისტემა, საიდანაც მიეწოდება წყალი და სასუქების შეტანაც არის შესაძლებელი“, – განმარტავს ქიტესაშვილი.

ფერმერ ქალბატონს რამდენიმე წელია მოჰყავს ამერიკული ჯიშის უეკლო მაყვალი “ჩესტერიც”. ქიტესაშვილი ამბობს, რომ მაყვლის ეს ჯიში კახეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა. კენკროვანი კულტურებზე დიდი მოთხოვნაა, შესაბამისად, მას ბაზარზე პროდუქტის რეალიზაცია არ უჭირს. ის ამბობს, რომ მეტი მოსავლის შემთხვევაში ხილს ევროპის ბაზარზე გაიტანდა. მისივე თქმით, კენკროვან პროდუქტებზე მოთხოვნას ადგილობრივი წარმოება ვერ აკმაყოფილებს.

,,კენკროვანები მოთხოვნადი პროდუქტია, თუმცა არ მაქვს ისეთი დიდი წარმოება რომ ბაზარი ავითვისო, ან ამ ეტაპზე ევროპაში განვახორციელო სეზონზე 20-მდე ადგილობრივს ვასაქმებთ. ვაწარმოებთ უეკლო მაყვლის ნერგებსაც, მოთხოვნა ძალიან დიდია მთელი ქვეყნის მასშტაბით. უეკლო მაყვალს ,,ჩესტერი“ -26 ყინვას უძლებს, ეხლა უკვე გამოსული აქვს ყლორტები, ყვავილობას დაიწყებს დაახლოებით 3 კვირის პერიოდში და ივნისის ბოლოს დაიწყება კრეფა. ამ ეტაპზე სულ გვაქვს 4 ჰექტარი. რადგან ხილი მალფუჭადია, ის შოკური მეთოდით იყინება. მომავალი წლიდან საჭირო იქნება შოკური მეთოდით სამაცივრე ტექნოლოგიის საწარმოების განვითარება. რეგიონში იგეგმება მსგავსი საწარმოების გახსნა“, – აღნიშნავს იზოლდა ქიტესაშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის, ივანე ბასილაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია კენკროვანების ნერგების გამოყვანა, რადგან ეს ხელს შეუწყობს რაიონში სოფლის მეურნეობის ამ დარგის განვითარებას.

,,გურჯაანში ძირითადი წამყვანი კულტურებია მევენახეობა, მეღვინეობა, მეხილეობა. ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში ვითარდება კენკროვანი კულტურების მოყვანა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მარწყვი დაახლოებით 350 ჰექტარზეა გაშენებული. გარდა ამისა, ფერმერებმა დაიწყეს უეკლო მაყვლისა და ფეხს იკიდებს ჟოლოს მოყვანაც. მნიშვნელოვანია მოთხოვნადი პროდუქციის მოყვანა და გაშენება, რადგან ფერმერებს რეალიზაციის პრობლემა არ ექნებათ.’’

იზოლდა ქიტესაშვილი ახლო მომავალში მოცხარის გაშენებასაც აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *