რუისპირში ბიოდინამიური მეურნეობა ფართოვდება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მცხოვრები მეწარმე გიორგი ალადაშვილი ბიოდინამიური მეურნეობის გაფართოებასა და პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას გეგმავს.

იგი წლებია ძველი ტრადიციული მეთოდით სხვადასხვა სახის სასოფლო–სამეურნეო პროდუქტს ამზადებს და ტურისტებზე ყიდის.
გიორგი ალადაშვილს 2 ჰექტარზე ძველი ქართული ვაზის ჯიშებისგან გაშენებული აქვს ვენახი, რომელსაც ბიოდინამიური მეთოდით ამუშავებს და ათამდე სხვადასხვა სახეობის მცენარის ნახარშისგან დამზადებულ ხსნარით წამლის. ალადაშვილი ირწმუნება, რომ ვენახის მოვლის და მიწის დამუშავების დროს აგროქიმიკატებს არ იყენებს და ვაზს მთვარის კალენდრის მიხედვით უვლის.
“ვენახში მაქვს გაშენებული უნიკალური ქართული ჯიშის ვაზი: კახური ღრუბელა, სიმონასეული, იყალთოს წითელი, ასევე თეთრი ყურძნის ჯიშები: ხიხვი, ქისი, მწვანე კახური, ნაცრისფერი პინო და სხვა უძველესი ქართული ჯიშები. ჩვენ, ასევე, გვაქვს უცხოეთიდან ჩამოტანილი იშვიათი ჯიშის ვაზი. ჩვენ ვენახის მოვლისას არანაირ აგროქიმიკატებს არ მოვიხმართ და ვაზს ბიოდინამიური მეთოდით ვუვლით. ყველაფერს ვაკეთებთ მთვარის კალენდრით, რომელსაც მე ვიყენებ ვენახის შესაწამლად, ვიყენებ ჭინჭრის, მუხის და ტირიფის ქერქის, ასევე ხახვის ფოჩს, გვირილას, ე.წ. ჯორისძუას, ბაბუაწვერას და სხვა მცენარეების ნახარშს. ვინც სისტემატურად ქიმიურ პრეპარატებს იყენებს, ის კლავს და ანადგურებს მიწას და ბუნებას. ჩვენ კი ამ მიდგომით ხელს ვუწყობთ მიწის ნოყიერების გაზრდას და ხარისხიანი პროდუქტის მიღებას. იმ შემთხვევაში თუ მევენახემ რამე დააკლო და ვაზის მოვლის ჯაჭვი დაარღვია, ყურძენი კარგავს იმ ხარისხს და არომატს, რაც უნდა ჰქონდეს. რაც მეტად ბუნებრივად, ყოველგვარი აგროქიმიკატების გარეშე, მოგყავს მოსავალი, უფრო ხარისხიანია და გემრიელი”,– განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.
მევენახეობის გარდა, ფერმერი მეცხოველეობას, მემარცვლეობას, მეხილეობას და მეფუტკრეობას მისდევს. ალადაშვილს კახური ჯიშის ღორიც ჰყავს. მეწარმე ტრადიციული მეთოდით ამზადებს მურაბებს, ჯემებს, ველური ხილის ჩირს და ჩურჩხელას.
ჩვენი მეურნეობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ვენახისა და ღვინის წარმოების გარდა, მოგვყავს ხორბალი, გვაქვს ღორების ფერმა და გვყავს კახური ჯიშის ღორები, რომლებიც გადაშენების პირას არიან, მათი ხორცი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. ღორებს ჩვენივე მოყვანილი ქერით, სიმინდით და სხვა საკვებით ვზრდით, აქ მოსულ ტურისტს კი საშუალება აქვს, დააგემოვნოს ეკოლოგიურად სუფთა ხორცი. გარდა ამისა, ასევე, მივდევთ მეფრინველეობას და გვყავს ფუტკარი, ძველი ქართული მეთოდით ვამზადებთ მურაბებს, ჯემებს, ველური ხილის ჩირს და ჩურჩხელას”,– განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.
ექსპერტები ბიოდინამიური მეურნეობის გაფართოებას და ბიო პროდუქტების წარმოების გაზრდას სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევენ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ სულხანიშვიის ამბობს, რომ საქართველოს მსოფლიო სასურსათო ბაზარზე დასამკვიდრებლად მეტი უსაფრთხო პროდუქტის წარმოება სჭირდება.
“თუ გვინდა მსოფლიო სასურსათო ბაზარზე დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი, უნდა გაიზარდოს ბიოპროდუქტების წარმოება საქართველოში. რაც უფრო მეტი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი იქნება და მეტი ფერმერი დაიწყებს ბიო პროდუქტის წარმოებას, მით მეტი შანსი გაჩნდება მათ ეს პროდუქცია უცხოურ ბაზრებზე გაიტანონ გასაყიდად და წარმატებას მიაღწიონ”,– განაცხადა ნიკოლოზ სულხანიშვილმა.
გიორგი ალადაშვილი სამომავლოდ გეგმავს, ჩამოაყალიბოს აგროტურისტული ცენტრი, ე.წ. “კახური სოფელი“, რომელიც გააერთიანებს ხილის ჩირის საშრობს, წისქვილს, კახურ მარანს, ღვინის სადეგუსტაციო ოთახს და სხვა მცირე მეურნეობებს. იგი, კახეთის სხვა ქალაქებშიც აპირებს ბიომეურნეობის შექმნას და ვაზის ქართული ჯიშების აღდგენას.



მულტიმედია



კომენტარები

კომენტარი