აგროჟურნალისტთა ასოციაცია რეგიონულ ტურნეს განაგრძობს

საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის წევრები ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან რეგიონულ ტურნეს განაგრძობენ.

რიგით მეორე შეხვედრა თელავში, პროექტის “MOLI კახეთში“ ოფისში, გაიმართა. შეხვედრაზე ასოციაციის ჩამოყალიბების მთავარ მიზნებსა და აგროჟურნალისტიკის დარგში კადრების პროფესიული ზრდის ხელშეწყობის მექანიზმებზე იმსჯელეს.

აგროჟურნალისტთა ასოციაციის გამგეობის წევრის, დემეტრე ერგემლიძის, განცხადებით, ორგანიზაცია გააერთიანებს და ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის მომუშავე ჟურნალისტების პროფესიული უნარების განვითარებას.

“საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად მოთხოვნადი გახდა ინფორმაცია სოფლის მეურნეობის შესახებ. მცირე და საშუალო მეწარმეები მოტივირებულები არიან, მიიღონ მეტი ინფორმაცია. ინფორმაციის ყველაზე ძლიერი და საუკეთესო გამავრცელებელი არის მედია. შესაბამისად თუ ჟურნალისტები უფრო მეტ ფოკუსს გააკეთებენ სოფლის მეურნეობის თემატიკაზე, მეტ წარმატებას მოუტანს ამ დარგს“, – განაცხადა ერგემლიძემ.

პროექტის “MOLI კახეთში“ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთერთობის სპეციალისტი, ნესტან მერმანიშვილი აღნიშნავს, რომ საჭიროა აგროჟურნალისტთა უნარების გაძლიერება.

„მედიისათვის აგრომიმართულება პრიორიტეტი ხდება, შესაბამისად, საჭიროა ჟურნალისტთა პროფესიული უნარების ამაღლება, რაც გაზრდის მათ კვალიფიკაციას,“-აღნიშნავს ის.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ფერმას“ პროდიუსერი, თამარ ბოლქვაძე. ის, ასევე, მიუთითებს, რომ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად იქცა და ფერმერები ცვლილებებს უნდა მოერგონ.

“სოფლის მეურნეობაში ყოველდღიურად იცვლება მოთხოვნები, შემოდის ახალი მეთოდოლოგია, რომელსაც ფერმერებმა ფეხი უნდა აუწყონ. იმისთვის, რომ მეწარმეებმა ეს შეძლონ, მათ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია. ამისათვის კი, საჭიროა იმ ჟურნალისტების კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების ამაღლება, რომლებიც ქმნიან აგრო კონტენტს. ისინი, ვინც გახდებიან ასოციაციის წევრები, ეს იქნება გამოცდილების გაზიარება, დახმარება. აგროჟურნალისტთა ასოციაციას აქვს ბევრი გეგმა. რადგან სოფლის მეურნეობა გახდა მოთხოვნადი, საჭიროა კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება“, – ამბობს ბოლქვაძე.

ორგანიზაციის “ბრინჯ-ინოვაცია და განვითარება“ დამფუძნებელი, აგროჟურნალისტთა ასოციაციის წევრი ნინო გვიანიშვილი კი საუბრობს ფერმერთა ცოდნისა და უნარების ამაღლებაზე. გვინიაშვილი აღნიშნავს, რომ ამ პროცესში მედიამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სოფლის მეურნეობაში არის ფერმერის განათლება და ცოდნა, რაშიც მედიას ძალიან დიდი წვლილი აქვს. ასოციაციას აქვს დიდი გეგმები, მისი შექმნა არის პირველი ნაბიჯი დარგობრივი ჟურნალისტიკის განვითარებაში. ვფიქრობ, ჩვენი ორგანიზაცია შეძლებს, რომ პროფესიული და კომპეტენტური ინფორმაცია ფერმერებს მიეწოდოს, რაც მათ ასე სჭირდებათ განვითარებისთვის“, – აღნიშნავს ღვიანიშვილი.

ასოციაციის ფინანსური მხარდამჭერია პროექტი “MOLI კახეთში“, რომელიც HEKS/EPER-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ, შევიცარიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

რეგიონული ტურენეს ფარგლბში, პირველი შეხვედრა კომპანია „კარტლის აგროსისტემების“ გორის ფერმერთა ცენტრში გაიმართა.



მულტიმედია


კომენტარები

კომენტარი