ჰობიდან ბიზნესამდე – ფიქრიას ყვავილების ორანჟერეა თელავში

65 წლის ფიქრია ცისკარიშვილს თელავში ყვავილების ბიზნესი აქვს.

პროფესიით პედაგოგმა წარმატებული ბიზნეს საქმიანობა 18 წლის წინ კაქტუსების მოშენებით დაიწყო. ამჟამად ორანჟერეაში 300-ზე მეტი სახეობის მცენარე აქვს. ფიქრია ყვავილებზე ზრუნვას დილის 7 საათზე იწყებს.

“ბავშვობიდან მიყვარდა მიწასთან მუშაობა, ამას აქვს თავისი საფუძველი. წარმოშობით სოხუმელი ვარ და მამას ყვავილების ბაღი ტერასებად ჰქონდა გაშენებული. ის სილამაზე თელავში მინდოდა ჩამომეტანა. თელავში 44 წლის ასალკში დავსახლდი და ეზოს გაკეთება იმ დროიდან დავიწყე. ყველაფერი ჩემი ხელით არის გაკეთებული. დაახლოებით 18 წელია არსებობს ჩემი ორანჟერეა, ჰობი გადაიზარდა ბიზნესში. თითოეულის ისტორია მახსოვს როგორ მოვიდა ჩემამდე. გამორჩეულად მიყვარს კაქტუსები და დავიწყე სწორედ მათი მოშენებით. ვფიქრობ, რომ ვარ ძლიერი ადამიანი, რადგან ამდენ ყვავილს ვუვლი“, – განაცხადა ფიქრია ცისკარიშვილმა.

ფიქრიას ორანჟერეაში ყვავილებისთვის ისეთი კლიმატური პირობები აქვს შექმნილი, რომ ზამთარში ხარობს როგორც უდაბნოს, ასევე ტროპიკული მცენარეები. მეყვავილე ქალბატონი პროდუქციას “გარდენიაში“ ყიდის.
“ხშირად ვსტუმრობ ზურა შევარდნაძის სამოთხეს, ვატარებ მასტერკლასებს. დამიგროვდა გამოცდილება და მინდა რომ ვინმეს გადავცე ჩემი ცოდნა. მე და ჩემი მეუღლე მთელი დღის განმავლობაში აქ ვფუსფუსებთ, ვყიდი იმ ყვავილებს, რომლებიც რამდენიმე მაქვს. ზამთარში ორანჟერეას გათბობა ძალიან ძვირი ჯდება. ძირითადად რეალიზაციას ვახდენ “გარდენიაში“. წელს ჩემი ფავორიტები არიან სუკულენტები, ბევრს მოსწონს. მოვიძიე, გავამრავლე და მაქვს ძალიან დიდი არჩევანი. ზოგადად, ძალიან მიყვარს ყველა მცენარე“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

რეგიონებში მემცენარეობა ნელ–ნელა ვითარდება. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ყვავილების გაყიდვების მაჩვებელი დაბალია, შესაბამისად, პროდუქციის რეალიზაციდან მიღებული შემოსავალი გაწეულ შრომას ვერ ანაზღაურებს.
“რეგიონებში ნაკლებად არის განვითარებული მემცენარეობა, თუმცა ნელ–ნელა ფეხს იკიდებს. ბევრმა ადამიანმა ყვავილების მოვლაც არ იცის. პროდქციის ნაირსახეობა მსხვილ კომპანიებს შემოაქვთ იაფად და ადგილობრივი ყვავილები იაფია, რეალიზაცია ჭირს. იმდენად ძვირი ჯდება მოვლა–პატრონობა და რთულია წარმოება, რომ ფასი არ ანაზღაურებს გაწეულ შრომას“, – აცხადებს ნანა ბერძნიშვილი.

ფიქრია ცისკარიშვილი მცენარეთა პოპულარიზაციის მიზნით მასტერკლასებს “გარდენიაში“ ატარებს. ის ამბობს, რომ დარგში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მიწასთან მუშაობა და მცენარეების სიყვარულია.
“როდესაც გაზაფხულზე ფოთლები გამოაქვს მცენარეს, კარგია მისი ახალ ქოთანში გადატანა. შეიძლება გავანოყიეროთ მიწა, მაგრამ ახალი მიწა გაცილებით უკეთესია. რაც შეეხება მავნებლებს, როგორც კი დაცხება მაშინვე იწყებენ გამრავლებას. პირველივე შემთხვევისას უნდა მიაშველოთ ხალხური მეთოდით მკურნალობა ან შემდეგ ქიმიური შეწამვლა ჩაუტარდეს. მცენარეს არ მისცეთ ზედმეტი წყალი, რადგან ფესვებთან მიწაში ჰაერი იდევნება. მცენარე ზომიერად უნდა იყოს მორწყული. მე, პატარა ორანჟერეაში მაქვს როგორც ტროპიკული მცენარეები, ასევე, უდაბნო–კაქტუსები. ყველას თვისებები ვიცი რომელ ყვავილს რა უნდა“, – გვიყვება ფიქრია.
მეყვავილე ქალბატონი საკუთარ ორანჟერეაში სტუმრებს სიამოვნებით მასპინძლობს. იგი, სამომავალოდ, ყვავილების ახალი ჯიშების მომრავლებას გეგმავს.



მულტიმედია



კომენტარები

კომენტარი