ფრანგი მეღვინე საგარეჯოში ცქრიალა ღვინოს უძველესი ტრადიციით ამზადებს

ფრანგი მეღვინე ვინსენტ ჟულიენი საგარეჯოში უკვე 8 წელია ცხოვრობს. მან კახეთში ცქრიალა ღვინის წარმოება 2009 წელს დაიწყო. ჟულიენს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ვენახიც აქვს და სამომავლოდ ქვევრში ღვინის კახური მეთოდით დაყენებას აპირებს.

ვინსენტ ჟულიენს საგარეჯოში თითქმის ყველა იცნობს. გრანგი მეღვინე საქართველოში საცხოვრებლად 2006 წელს ჩამოვიდა და ოჯახიც შექმნა. ის სამი წლის განმავლობაში საფრანგეთის საელჩოში მუშაობდა. 2009 წელს კი საგარეჯოში სახლი შეიძინა, მეღვინეობის ბიზნესი დაიწყო და საკუთარი ბრენდი სახელწოდებით “კიდევ ერთი” შექმნა. ჟულიენი ცქრიალა ღვინოს უძველესი ტრადიციით ამზადებს.

“მეღვინეობა საფრანგეთში ვისწავლე. შემდეგ ჩამოვედი კახეთში, რადგან აქ კარგი ადგილი და ყურძენია. საგარეჯოში დავიწყე ცქრიალა ღვინის წარმოება. საქართველოში მეღვინეობის ბიზნესის წარმოება გაცილებით თავისუფლად შეიძლება, ვიდრე საფრანგეთში. ჩვენს ქვეყანაში გარკვეული რეგულაციები და სირთულეებია”, – განაცხადა ვინსენტ ჟულიენმა.

მეღვინე 4 ტონა სხავასხვა ჯიშის ყურძენს შიდა ქართლსა და საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში ყიდულობს. ვინსენტი ყურძენს საწნახელში ფეხით წურავს და შემდეგ კი წვენს ქვევრში ასხამს. ჟულიენის განმარტებით, ღვინის დუღილის პროცესი სპეციალურად განკუთვნილ ბოთლებში მიმდინარეობს. ის ირწმუნება, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქცია არანაირ მინარევს არ შეიცავს, არის ნატურალური და საუცხოო გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.

“ყურძენს ვყიდულობ შიდა ქართლში, კასპის რაიონში და ვწურავ საწნახელში. წვენი ქვევრში დაახლოებით ერთი თვე დუღს. შემდეგ წვენი გადამაქვს ბოთლებში, სადაც აგრძელებს დუღილს. ყურძნის წვენი არ შეიცავს გოგირდს, შაქარს და არც სხვა ნივითიერებას. ეს არის ნატურალური, ცქრიალა ღვინო”, – ამბობს ფრანგი მეღვინე.

ვინსენტი ცქრიალა ღვინოს ძირითადად თბილისის მაღაზიებსა და რესტორნებში ყიდის. მეღვინე ამბობს, რომ პროდუქცია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ექსპორტზეც გადის, რაშიც მას ფრანგი პარტნიორი ეხმარება. მეღვინე ყოველწლიურად 4000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. ერთი ბოთლის ღირებულება 37 ლარია.

“თბილისის გარდა, ღვინო საქართველოს ფარგლებს გარეთაც იყიდება. ცქრიალა ღვინო იაპონიაში, დანიასა და საფრანგეთში გადის გასაყიდად”, – აღნიშნავს ჟულიენი.

ვინსენტს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ვენახიც აქვს გაშენებული. პირველ მოსავალს მიმდინარე წლის შემოდგომაზე ელოდება. ჟულიენი გეგმავს, რომ საკუთარი ვენახიდან მოკრეფილი ყურძენი დაწუროს და უძველესი ტრადიციით ქვევრის ღვინო აწარმოოს.



მულტიმედია



კომენტარები

კომენტარი