უნიკალური ჯიშის ეგზოტიკური ფრინველების ფერმა ფშაველში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მცხოვრებ არჩილ ხუტუაშვილს ეგზოტიკური მეფრინველეობის ფერმა აქვს.

ხუტუაშვილმა ფრინეველების მოშენება ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაიწყო, თუმცა ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ჰობი ფერმერულ საქმიანობად იქცეოდა. ფრინველებისთვის გალიები საკუთარი ფინანსური სახსრებით გასული წლის ზაფხულში შეიძინა.

სუმატრასა, ავსტრალოპისა და ჩინური ჯიშის ქათმები, ფრანგული მუშკის იხვი, იტალიური და ჩინური ბატი, ფარშევანგი ფერმაში მსო¬ფლიოში ცნობილი და საუცხოო ჯიშის შინაური ფრინველები იყრიან თავს.

“თბილისში ვცხოვრობდი, იქ დავიბადე და გავიზარდე. როდესაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე სოფელში ჩამოვსულიყავი და მამა-პაპეულ სოფელში დავსახლებულიყავი, რაღაცების მოყვანა მოვახერხე და მყავს ჩემთვის სასურველი ჯიშები. მე ვფიქრობ, რომ ეს ჯიშები უნდა იყოს გავრცელებული ჩვენს სოფლებში და ქვეყანაში”, – განაცხადა არჩილ ხუტუაშვილმა.

ფერმერის მტკიცებით, ეგზოტიკური ფრინეველების, განსაკუთრებით ფარშევანგის კვერცხებზე დიდი მოთხოვნაა, რადგან პროდუქცია ქოლესტერინს არ შეცავს და უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ხუტუაშვილი პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.

“დეკორატიულ, მეხორცულ და განსაკუთრებით არაუკანას ჯიშის ქათმებზე მოთხოვნა დიდია. ლაბორატორიულ დასკვნაში წერია, რომ ამ პროდუქტის გამოყენება ხელს უშლის ისეთი დაავადებების გავრცელებას, რაც შეიძლება იყოს ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის შემაფერხებელი”, – აღნიშნავს ხუტუაშვილი.

ფრინველებს საკვები და წყალი რომ არ მოაკლდეს, ამაზე არჩილთან ერთად მისი მეუღლე ზრუნვას დილის 8 საათიდან იწყებს. სხვა ფრინველებისგან განსხვავებული საკვები სჭირდება ფარშევანგს, რომელიც დღეში ორჯერ ჭამს. ნატო ხუტუაშვილს ფრინეველბის მოვლაში ვეტერინალური მომსახურების მიმართულებით მიღებული განათლება ეხმარება.

“ქათმებს საჭმელს 8 საათზე ვაჭმევ. წყალს ვუდგამ, კომბინირებულ საჭმელს – ქერს, შვრიას, სიმინდს ვაძლევ, რადგან კვერცხმდებლობისთვის ძალიან კარგია. ფარშევანგს განსაკუთრებულად ვკვებავთ, ვაჭმევთ ხაჭოს, მაწონს, ხანდახან ხბოს ხორცსაც ვუდებთ”, – განაცხადა ნატო ხუტუაშვილმა.

არჩილ ხუტუაშვილი სოფლის სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობს. ის არ გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში სკოლის დატოვების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება და ბიზნესსაქმიანობა კიდევ უფრო გააფართოვოს. ფერმერი გეგმავს საცხოვრებელი სახლის ეზოში ინკუბატორის მოწყობას.



მულტიმედია



კომენტარები

კომენტარი