მოზვერ შოუ

გოჭების მარათონის შემდეგ მედია ორგანიზაცია “კახეთის ხმა” ახალ რეალით შოუს “The Mozver Show” იწყებს.
გადაცემა 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება, კახელი ფერმერები კი თვეში ორჯერ მომზადებული ვიდეო სიუჟეტებით მიიღებენ ინფორმაციას, რა შედეგების მიღწევა შეიძლება პირუტყვის ტრადიციული და კომბინირებული კვების შემთხვევაში. გადაცემებს “კახეთის ხმა” შპს “აგროქიზიყის” დაფინანსებით და პროექტის “MOLI კახეთში” მხარდაჭერით მოამზადებს.
შპს “აგროქიზიყის” დირექტორი, ბექა გონაშვილი აცხადებს, რომ რეალითი შოუს მიზანია ადგილობრივი ფერმერების ინფორმირება ცხოველთა კვების ალტერნატიული საშუალებების შესახებ, რომელიც გათვალილია მეტ ფინანსურ სარგებელზე.
,,შოუს დახმარებით გვინდა ფერმერებს დავანახოთ ალტერნატიული კვების საშუალებები. ჩვენ მათ მივაწოდებთ ინფორმაციას, რომ ცხოველთა კვების დროს იმავე ინგრედიენტების გამოყენებით, სხვადასხვა დანამატის გარეშე, მხოლოდ დაბალანსებით და თანამედროვე მიდგომებით ნახონ უკეთესი შედეგი მოკლე დროში. გადაცემის ფარგლებში ოთხი ბოჩოლა გადანაწილდა ორ ფერმაში. ერთი ფერმერი გაზრდის მისთვის ცნობილი და ტრადიციული მეთოდით, მეორე ფერმაში კი პირუტყვს გამოკვებავენ ჩვენს საწარმოში დამზადებული საკვების მეშვეობით. ზოგი ფერმერი პირუტყვს ზრდის 5 თვის განმავლობაში და ამ დროის შემდეგ მიყავს სახორცე კონდიციამდე. ვფიქრობთ, რომ შედეგს 4 თვეში მივაღწევთ, რაც ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი იქნება’’, – განუცხადა knews.ge-ს ბექა გონაშვილმა.
გადაცემა მედია ორგანიზაცია “კახეთის ხმის” ინტერნეტ ტელევიზიის მეშვეობით გავა და მისი ნახვა ყველა მსურველს პორტალ knews.ge-ზე შეუძლია.
პროექტის “MOLI კახეთში” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთერთობის სპეციალისტი, ნესტან მერმანიშვილი აღნიშნავს, რომ აღნიშნული შოუ მიზნად ისახავს საქონლის ე.წ. ტრადიციული და გაუმჯობესებული კვების მეთოდების ერთმანეთთან შედარების ფონზე, კარგი პრაქტიკის ჩვენებას, რაც მეცხოველეობაში ჩართულ ფერმერთა საქმიანობის ეკონომიკური სარგებლიანობის გაზრდას უწყობს ხელს.
“პროექტი “MOLI კახეთში” უკვე მერვე წელია, რაც კახეთში მეცხოველეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, HEKS/EPER-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ფერმერთა საარსებო პირობების გაუმჯობესებას ემსახურება. ამასთან ერთად რეალითი შოუს ფორმატი ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა, რომ ფერმერებმა, გადაცემის მონაწილეებთან ერთად, საქონლის ზრდის ცოცხალ პროცესს თვალი ადევნონ და პარალელურად მიიღონ რეალური ინფორმაცია საქონლის გაუმჯობესებული კვების შესახებ”,- განუცხადა knews.ge-ს ნესტან მერმანიშვილმა.
მსგავსი რეალითი შოუ პირველი არ არის. სიღარიბის შემცირების მიზნით, მეცხოველეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობისათვის, პროექტის „MOLI კახეთში“ და მედია ორგანიზაცია „კახეთის ხმის“ ერთობლივი იდეის ფარგლებში მომზადდა გადაცემათა ციკლი „გოჭების მარათონი“.


წყარო: www.knews.ge

კომენტარები

კომენტარი