ქართული ვისკი JIMSHER-ი მსოფლიო ბაზარზე

ბიზნესმენი ჯიმშერ ჩხაიძე წინანდლის კასრში დავარგებული ვისკის ამერიკისა და ისრაელის ბაზარზე გატანას გეგმავს.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ამერიკის ბაზარზე შესვლა ძალიან რთულია და ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ამერიკის ბაზარზე შესვლა ძალიან რთულია და ის საკმაოდ დიდი ბაზარია. ჩვენ ყველაფრის მიუხედავად იმედიანად ვართ განწყობილები. პროდუქცია მათ ძალიან მოეწონათ, ამ ეტაპზე დეტალებზე საუბარი მიმდინარეობს“ – აღნიშნა ჯიმშერ ჩხაიძემ.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ JIMSHER მსოფლიო ბრენდებს არ ჩამოუვარდება და ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ უკეთ უნდა გაიცნონ. მისივე განცხადებით, ქართული ვისკი უცხოეთის ბაზარზე არსებულს არ ჩამოუვარდება.
„რაც შეეხება კონკურენციას, JIMSHER საუკეთესო ბრენდებს არ ჩამოუვარდება და მალე ერთ-ერთი მათგანი გახდება. უცხოეთის ბაზარზე კი ის უკეთ უნდა გაიცნონ. საქართველოში ქართული ვისკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება დროთა განმავლობაში იცვლება, მომხმარებელს ჯიმშერი მოსწონს, თუმცა წინააღმდეგობები ყოველთვისაა. ძალიან ბევრი მუშაობაა იმისათვის საჭირო, რომ ბაზარზე თავი დავიმკვიდროთ. ეს წარმატებული იდეაა და ვმუშაობთ იმაზე, რომ წარმატებულ ბიზნესად ვაქციოთ“, – განმარტა ჩხაიძემ.
პირველი ქართული ვისკი JIMSHER-ი ბაზარზე, 2017 წლის მარტის დასაწყისში გამოჩნდა და ის ანალოგიურ უცხოურ პროდუქციაზე 5%-ით იაფია. ამ ეტაპზე მისი შეძენა და დაგემოვნება თბილისის მასშტაბით 100-მდე სუპერმარკეტშია შესაძლებელი. JIMSHER-ის ლონდონის მსოფლიო ვისკის კონკურსში ერთი ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი აქვს აღებული. ვისკი 0,7 და 0,50 ლიტრიან ბოთლებშია ჩამოსხმული.
ამჟამად ვისკის სამი სახეობა მზადდება – ტრადიციული საფერავი ნამყოფი კასრში, ქართული ბრენდი კასრში და წინანდლის კასრში დავარგებული ნახადი. ვისკი ექსპორტზე ამჟამად ჩინეთში, ყაზახეთში და პოლონეთში გადის.


წყარო: www.knews.ge

კომენტარები

კომენტარი