კახეთში HACCP-ის სისტემა 32 ბიზნეს ოპერატორს აქვს დანერგილი

წარმოებაში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვა (HACCP) კახეთის რეგიონში, დღემდე, 32-მა ბიზნეს ოპერატორმა მოახერხა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2012 წლიდან აღნიშნული სისტემის დანერგვა მხოლოდ ცხოველთა სასაკლაოებისთვის, ნედლი რძისა და თხილის გადამამუშევებელი საწარმოებისთვის არის სავალდებულო, დანარჩენებისთვის კი ამ ეტაპზე ნებაყოფლობითია.
უწყების სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმზღვანელის, გიორგი მიქაძის განმარტებით, HACCP-ის სისტემის დანერგვა მეწარმეებს ხელს უწყობს, აწარმოონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, მიუახლოვონ საწარმოო პროცესი ევროპულ სტანდარტებს.
,,ამ დროისთვის HACCP-ის სისტემა კახეთის რეგიონში სულ 32 ბიზნესოპერატორს აქვს. აქედან ცხოველთა 15 სასაკლაოს, ნედლი რძის გადამამუშავებელ 11 საწარმოს, 1 ნახევარ ფაბრიკატების საწარმოს, ნაყინის 1 საწარმოს და ღვინის 4 ქარხანას. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFT) შესახებ შეთანხმებით და ასოცირების ხელშეკრულებით, ვალდებულები ვართ, HACCP-ის სისტემის დანერგვის ვალდებულება გავწეროთ ყველა ბიზნეს ოპერატორისთვის’’, – ამბობს Knews.ge-სთან საუბრისას გიორგი მიქაძე.
ქალაქ თელავში მდებარე რძის გადამამუშავებელმა კომპანიამ ,,ოდლისი”, წარმოებაში HACCP-ის სისტემა გასულ წელს დანერგა. საწარმოს მთავარი ტექნოლოგი გიორგი ყალამაშვილი ამბობს, რომ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვის შემდეგ უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქტს აწარმოებენ. საწარმო 33 წლის რატი როსტომაშვილმა 2011 წელს გახსნა და, ამ ეტაპზე, 12 სახეობის შვეიცარულ ყველს აწარმოებს. ყველს პრასის, სტაფილოს წვენის, ჩილის, ნივრის, ჭინჭრის და სხვა პროდუქტების არომატებით ამზადებენ. ამზადებენ.
,,პროექტის „MOLI კახეთში“ ფინანსური დახმარებით წარმოებაში ევროპული დონის სტანდარტის დანერგვა მოვახერხეთ და სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მუდმივი აღიარება მოვიპოვეთ. პროექტის დახმარებით შევიძინეთ სხვადასხვა სახის დანადგარი, რომელიც პროდუქციის მაღალი ხარისხით და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო წარმოებაში გვეხმარება”, – განუცხადა agromedia.ge-ს გიორგი ყალამაშვილმა.
დედოფლისწყაროელმა მეწარმემ ბესიკ თოფჩიშვილმა, რომელსაც რძის გადამამუშავებელი საწარმო აქვს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვით სურსათის ეროვნული სააგენტოსგან უვადო აღიარება მოიპოვა. მეწარმე ამბობს, რომ გადავიდა ახალ საწარმოო სისტემაზე, რომელიც მათ ხელს შეუწყობს, აწარმოონ ხარისხიანი და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პროდუქცია.
ბესიკ თოფჩიშვილმა რძის პროდუქტების დამზადება წლების წინ რამდენიმე ძროხით დაიწყო. ის რძეს ადგილობრივ ბაზარზე ყიდდა და მას შემდეგ რაც მწარმოებლებისგან რეალიზებული პროდუქციის თანხის აღების პრობლემა შეექმნა, საკუთარი საწარმო გახსნა და წარმოებულ პროდუქციას ,,დედოფლისწყაროს ნობათი“ დაარქვა.
,,პროექტის “MOLI კახეთში“ ფარგლებში თანადაფინანსებით ტექნიკა ვიყიდეთ. შევიძინეთ რძის ვანები, მაგიდები, მაცივარი, პასტერიზატორი, სადისტრიბუციო მანქანა, ლაქტოსკანი რძის გასასინჯად და სხვა საჭირო ტექნიკა, რომელიც აუცილებელია ხარისხიანი და უვნებელი პროდუქციის წარმოებისთვის. მას შემდეგ რაც ახალი სტანდარტები დავნერგეთ წარმოებაში, თანამედროვედანადგარები შევიძინეთ და HACCP-ის სტანდარტები დავაკმაყოფილეთ, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. უფრო მეტი სუპერმარკეტიდან და მაღაზიიდან გვირეკავენ და ჩვენი პროდუქციის მათთან შეტანას გვთხოვენ’’, –ამბობს ბესიკ თოფჩიშვილი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის ინფომაციით, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის პრინციპები ჯერ კიდევ 1970 წელს აშშ-ში შემუშავდა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა.
გიორგი მიქაძე განმარტავს, რომ HACCP-ის სისტემა არის მოქნილი, საწარმოო პროცესზე ორიენტირებული და არა საბოლოო პროდუქტის შემოწმებაზე.
,,ეს არის პრევენციული მიდგომა, მაგრამ გარკვეული სირთულეები ახლავს აღნიშნული სისტემის დანერგვას, აღჭურვილობის და ინფრასტრუქტურის ნაწილში. ის უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში, მაგრამ უკუგება აქვს ძალიან დიდი იმ მხრივ, რომ უზრუნველყოფილია სურსათის უვნებლობა და რისკები შემცირებულია. წარმოებული პროდუქტი ექსპორტზე ვერ გავა, თუ აღნიშნული სისტემა არ არის დანერგილი. HACCP-ის სისტემის დანერგვა თავად ბიზნეს ოპერატორს შეუძლია და არ მოითხოვება რომელიმე საკონსულტაციო კომპანიის ჩართვა. თუ ბიზნესმენს არ აქვს სათანადო ცოდნა, მაშინ ქირაობს საკონსულტაციო კომპანიას’’,- განუცხადა agromedia.ge-ს გიორგი მიქაძემ.

სტატია agromedia.ge-სთვის მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი