ახმეტაში თუთისა და პიტნის არყის წარმოებას გეგმავენ

ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე ,,ახმეტის ღვინის სახლი’’ მომავალი წლიდან 2 სახეობის არყის წარმოებას გეგმავს. არაყს საოჯახო მარანში ძველი ტრადიციული მეთოდით დაამზადებენ. მარნის მფლობელი ნიკა გარსევანიშვილი ამბობს, რომ ახლო მომავალში მომხმარებლებს არაყს თუთის და პიტნის არომატით შესთავაზებენ. მისი თქმით, საცდელი პარტია უკვე ჩამოასხეს.
,,არყის წარმოება უკვე დავიწყეთ. ჩამოსხმული გვაქვს საცდელი პარტია და სულ მალე ქსელში შევიტანთ თუთის და პიტნის არომატებით დამზადებულ არაყს. ის განსხვავებული და გემოვნური თვისბებით არის გამორჩეული და ძალიან მოსწონთ ტურისტებს’’,- განაცხადა ნიკა გარსევანიშვილმა.
„ახმეტის ღვინის სახლი“ წლებია, რაც ქვევრში აყენებს კახურ მწვანეს, საფერავის, რქაწითელის ღვინოს. ნიკა გარსევანიშვილი აღნიშნავს, რომ მომავალი წლიდან ბაზარზე ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინის გარდა, რამდენიმე სახეობის ბიოღვინოც გაიყიდება. მისი თქმით, ღვინის დაყენებისას მაქსიმალურად იცავენ ვენახის, ყურძნისა და ღვინის ეკოსისტემას, ბიომრავალფეროვნებას, ბუნებრივ ბიოლოგიურ ციკლსა და პროცესებს, რომელიც პროდუქციას განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს ანიჭებს.
,,ამჟამად ძველი ვენახებიდან ვიღებთ კახურ მწვანეს და რქაწითელს, ხოლო სოფელ ახალშენში, ალავერდის მონასტრის უკან, ქისი, ხიხვი, საფერავი და კახური მცვივანი გვაქვს გაშენებული. ახმეტის რეგიონში გავრცელებული თითქმის ყველა ძირითადი ჯიშის ვაზი გვაქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად დაცული იყოს ვენახის, ყურძნისა და ღვინის ეკოსისტემა, ბიომრავალფეროვნება, ბუნებრივი ბიოლოგიური ციკლი და ბიოლოგიური პროცესები, სწორედ ამიტომ ჩვენს საოჯახო მარანში, ვაწარმოებთ ქვევრის ნატურალურ ღვინოს, კახურ მწვანეს, საფერავსა და რქაწითელს. ასევე ვართ „კავკასსერტის“ ბენეფიციარები ვართ, 2019 წლიდან „ახმეტის ღვინის სახლი“ ოფიციალურად ბიოსერთიფიცირებულ ღვინოს შესთავაზებს მომხმარებლებს’’,- განუცხადა agromedia.ge-ს ნიკა გარსევანიშვილმა.
მისივე ინფორჯმაციით, პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე, ძირითადად ღვინის მაღაზიაბესა და კაფე-ბარებში, იყიდება. გარსევანიშვილი აცხადებს, რომ ღვინის წარმოების გარდა, აგროტურისტული მიმართულებითაც მუშაობენ.
„ტურისტებსაც ვიღებთ მცირე რაოდენობით, თუმცა გვინდა ახალი სერვისები დავნერგოთ და მეტი ტურისტი მივიღოთ. რამდენიმე დღის წინ ფინეთიდან იყვნენ ჩვენთან ღვინის მოყვარულები. ვცდილობთ, რომ გავაფართოვოთ წარმოება და გავაქტიურდეთ ამ კუთხით“, – ამბობს გარსევანიშვილი.
ახალგაზრდა მეღვინე ამბობს, რომ მომავალ წელს ბიოსერთიფიცირებასთან ერთად პროდუქციის უცხოურ ბაზარზე გატანას გეგმავენ.

სტატია agromedia.ge-სთვის მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი