ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივები სასწავლო ვიზიტით ლატვიაში იმყოფებოდნენ

2-7 ოქტომბერს, ENPARD-ის პარტნიორმა ორგანიზაციამ „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი თორმეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის ლატვიაში სასწავლო ვიზიტი მოაწყო.
სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო მეფუტკრეობისა და რძის გადამუშვების მიმართულებით მომუშავე ლატვიური კოოპერატივების გამოცდილების გაზიარება და სამომავლო ურთიერთობების დამყარება ლატვიელ ფერმერებთან და კომპანიებთან.
ვიზიტში მონაწილეობდნენ რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები „ჭრელა“, „შურობუმუ“, “ახალი პროდუქტი“ და „წიქარა“, და კოოპერატივები „ქორენიში“ „სვანური ფუტკარი“, „ალპური ნექტარი“, „ხვამლი“,“ოცნება“, „ჯალაგონა“, „ნექტარი“, „მადლიანი თაკვერი“, რომლებიც მეფუტკრეობის დარგში მუშაობენ.
ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარე შეხვდა ლატვიის მთავრობის მიერ დაფინანსებული, ოზოლნიეკის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებს და გაეცნო ცენტრის მუშობის პრინციპებს.
საინტერესო შეხვედრა შედგა ლატვიის მეფუტკრეთა ასოციაციაში, რომელიც 3 250 ფერმერს აერთიანებს. შეხვედრის დროს ქართველი ფერმერები დეტალურად გაეცნენ ასოციაციის მუშობის პრინციპებს, წევრი ფერმერების უფლება-მოვალეობებს, მეფუტკრეობის სფეროში ლატვიაში არსებულ სტანდარტებს, სხვადასხვა დაავადებების პრევენციის, მკურნალობის, ფუტკრის მოვლისა და კვების ლატვიურ გამოცდილებას.
შედგა რამოდენიმე საველე ვიზიტი ადგილობრივ მეფუტკრეებთანაც. შეხვედრის ფარგლებში ორივე მხარემ ერთმანეთს პრაქტიკული და თეორიული ცოდნა გაუზიარა. აღსანიშნავია, რომ ლატვიელი კოლეგებისთვის ქართველ მეფუტკრეთა გამოცდილება თანაბრად საინტერესო აღმოჩნდა.
ქართველი მეფუტკრეები ასევე დაესწრნენ ტრენინგს „ მარკეტინგი, პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა და ბრენდირება“, რომელიც მარკეტინგის წამყვანმა სპეციალისტებმა ჩაატარეს და რომელიც ფერმერებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოდგა.
საინტერესო შეხვედრები გამართეს ქართველმა რძის მწარმოებელმა ფერმერებმაც, როგორც მესაქონლეობის ფერმის, ასევე გადამამუშავებელი საწარმოს, საკვებწარმოების მფლობელ ფერმერებთან. ქართველი ფერმერები გაეცნენ ევროპული სტანდარტების მიხედვით ფერმერული მეურნეობების მოწყობის პრინციპებს, რძის შემგროვებელი ცენტრების მუშობის სქემას, ასევე სხვადასხვა სახის ნატურალური იოგურტის, ნაყინის წარმოების ტექნოლოგიას.
ქართველი ფერმერები ასევე ესტუმრნენ ოთხმოცი წევრისგან შემდგარი კოოპერატივის რძის გადამამუშავებელ ქარხანას, სადაც ისინი გაეცნენ როგორც სხვადასხვა სახის პროდუქტის წარმოების ციკლს, ასევე კოოპერატივის მართვის და გადაწყვეტილებების მიღების პრინციპებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მოეწყო ვიზიტი 500 სულიან მესაქონლეობის ფერმაშიც, სადაც ფერმერებს წარუდგინეს ბაგურ პირობებში საქონლის შენახვის, კვების, სანიტერულ-ჰიგიენურ და ავტომატიზაციის, საკვებწარმოების, ხელოვნური განაყოფიერების, ჯიშთა გადარჩევის პრინციპები.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქართველი ფერმერების შეხვედრა საქართველოს საელჩოს წარმომაგენლებთან ლატვიაში. საქართველოს ელჩმა ლატვიაში ვრცლად ისაუბრა საქართველო-ლატვიის სამომავლო ურთიერთობებზე, ანალოგიური სასწავლო ვიზიტების შესაძლებლობებზე სხვადასხვა სფეროში მომუშავე ფერმერებისათვის.
სასწავლო ვიზიტის პროგრამა კულტურულ ღონისძიებებსაც მოიცავდა. ფერმერები მახლოს გაეცნენ ქვეყნის ისტორიას, კულტურულ ძეგლებს, და რიგითი ადამიანების ხედვებს ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით.

წყარო: www.enpard.ge

კომენტარები

კომენტარი