გერმანული გამოცდილებით უკან, სამშობლოში!

ბავშვობიდანვე მიყვარდა მცენარესთან და ნიადაგთან მუშაობა. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში მქონდა გადაწყვეტილი, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გავაგრძელებდი სწავლას. აბიტურიენტობისას საბოლოო გადაწყვეტილება იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შევაჩერე.
ბევრი მეუბნებოდა, რომ თბილისში მესწავლა და აგრარულ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, მაგრამ ვიცოდი, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც კვალიფიციური აკადემიური პერსონალი ასწავლიდა და არაერთ ცნობილ პროფესორთან მომიწევდა ურთიერთობა.
უნივერსიტეტში სწავლის დონე მაღალია და სტუდენტს აქვს საშუალება მიიღოს ამომწურავი პასუხები დასმულ შეკითხვაზე. წარმატებით მივყვები სტუდენტის გზას, უკვე მესამე წელია და აქტიურად ვმონაწილებ სხვადასხვა შიდა და საერთაშორისო კონკურსში. ერთ-ერთი კონკურსი, რომელმაც უდიდესი გამოცდილება მომცა და სხვანაირი კუთხით დამანახა სოფლის მეურნეობა, იყო 6 თვიანი პრაქტიკა გერმანიის ქალაქ ლანდაუში, სადაც ვმუშაობდი ბიო-ღვინის მწარმოებელ კომოპანიაში სახელწოდებით ,,Weingut Heinz Pfaffmann 1616”.
პროექტი მიზნად ისახავდა კვალიფიკაციის ასამაღლებელ პრაქტიკას, რომელიც დამეხმარა პროფესიულ და პიროვნულ ზრდაში. გერმანიაში შევხვდი გამოცდილ აგრონომებს, ეკოლოგებს, მათ გამიზიარეს ცოდნა სოფლის მეურნეობის მიმართულებასა და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე.
გერმანიაში ყოფნის პერიოდში, ვცდილობდი შემედარებინა უცხოელი მევენახე-მეღვინეების მეთოდები ამ დარგში მომუშავე ჩვენი სპეციალისტების მიდგომებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც მათ ახასიათებთ მუდმივად სიახლის ძიებაა. აკეთებენ უამრავ ცდას, კონსულტაციებს გადიან სხვა ქვეყნის სპეციალისტებთან და ყოველთვის ცდილობენ მომხმარებელს შესთავაზონ რაღაც ახალი.
სოფლის მეურნეობაში მომუშავე ფერმერები ცდილობენ საქმე გახადონ უფრო მარტივი, შექმნან ისეთი მანქანა-დანადგარები, რომლებიც უზრუნველყოფენ დროის მოკლე პერიოდში სამუშაოს მაქსიმალურად შესრულებას. ისინი იციავენ სამუშაო გრაფიკებს, არ მუშაობენ რვა საათზე მეტ ხანს და ყველანაირად ცდილობენ აწარმოონ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც დააკმაყოფილებს ადამიანის და ამასთან ერთად გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მოთხოვნებს.
კომპანიაში, სადაც მე ვმუშაობდი, ჰქონდათ 160 ჰა ვენახი და ყოველ წლიურად აწარმოებდნენ 1.5 მილიონ ლიტრ ბიო-ღვინოს. მათთვის მნიშვნელოვან იყო ღვინის ხარისხი და არა რაოდენობა. უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ვენახის გაშენებას, ადგილის შერჩევას, ნიადაგის ნაყოფიერების მაჩვენებელს, რადგან იციან, რომ ხარისხიანი და სასურველი ღვინის მიღებად აუცილებელია თავდაპირველად ნიადაგსა და მცენარეზე ზრუნვა.
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოში ბევრი ფერმერი ვენახს აშენებს მხოლოდ ფინანსური შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად და ცდილობს მოიყვანოს უხვი მოსავალი. ხარისხს კი არც კითხულობენ. რთველის დროს ნასურვები ,,ხვავი და ბარაქა“ პესტიციდები და შხამ-ქიმიკატების გამოყენებას არ უნდა გულისხმობდეს, რაოდენობის გაზრდას ხარისხის ხარჯზე არ უნდა ვეცადოთ, შხამ-ქიმიკატების გამოყენება აზიანებს არა მხოლოდ, არამედ ყველა ცოცხალ ორგანიზმს, მათ შორის ადამიანსაც. სწორედ ამიტომაა, რომ უამრავი ვირუსული და ბაქტერიული დაავადებაა გავრცელებული.
გერმანიაში ეკოლოგიას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, ალბათ ესაა ის, რასაც სულ პირველს დავნერგავდი ჩემს ქვეყანაში ევროპული გამოცდილების მიღების შემდეგ, როგორც ახალგაზრდა ფერმერი, ამ ქვეყანაში მცხოვრები და ეკოლოგიის დამცველი, მსურს, მოვუწოდო ყველას, რომ დაიცვას გარემო, ნიადაგი, ფლორა, ფაუნა და ჰაერი, რათა გვყვავდეს ჯანმრთელი მოსახლეობა.

ფერმერის დღიურის ავტორი: ეკა ბოტკოველი

კომენტარები

კომენტარი