„ბაზარზე, ძირითადად, ფალსიფიცირებული გუდის ყველი იყიდება“

საქართველოს ბაზარზე ბევრგან შეხვდებით გუდის ყველს, რომელსაც სპეციფიური გემო და სუნი აქვს. კოოპერატივ „ალაზნისთავის“ დამფუძნებელი პაატა აბულიძე ირწმუნება, რომ გუდის ყველის რეალიზატორების 80% ფალსიფიცირებულ პროდუქციას ყიდის. აბულიძის მტკიცებით, ტრადიცოიული მეთოდით გუდაში დამზადებული ყველი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.
“გავრცელებულია მითი, რომ თითქოს თუშურ გუდოს ყველს აქვს მძაფრი სუნი და გემო. სინამდვილეში ეს არ არის თუშური ტრადიციებით დამზადებული გუდის ყველი. თუშური ტრადიციებით დამზადებული გუდის ყველს კი სასიამოვნო არომატი აქვს. დღეს ბაზარზე გუდის ყველის 80% ფალსიფიცირებულია. მე ამაზე გამოკვლევებიც მაქვს ჩატარებული. თუშეთში ყოველწლიურად დაახლოებით 500 კილოგრამ გუდის ყველს აწარმობენ და ეს ბაზრისთვის არ არის საკმარისი“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას პაატა აბულიძე.
მეწარმე პრობლემიდან გამოსავალს პროდუქციის ადგილწარმოშობის რეგისტრაციაში ხედავს. აბულიძე მიიჩნევს, რომ ეს რეგულაცია მკვეთრად შეამცირებს გუდის ფალსიცფიცირებული ყველის წარმოებას.
„სამცხე-ჯავახეთის სოფლებში დაახლოებით 2-3 ათას ტონა ყველს აწარმოებენ. ყველს სხვანაირად ამზადებენ. გამყიდველებს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავთ, როდესაც ასაღებენ, როგორც გუდის ყველს. ბაზარში ფალსიფიცირებული გუდის ყველი რომ აღარ გაიყიდოს, საჭიროა პროდუქციას ჰქონდეს ადგილწარმოშობის სერტიფიკატი. ეს მოთხოვნა რომ იქნება, ყველის ყველა სახეობა შემოწმდება. ამის შემდეგ ყველი, რომელსაც აქვს მძაფრი სუნი, აღარ გაიყიდება, როგორც თუშური გუდის ყველი“, – აღნიშნავს აბულიძე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ თუშურის გუდის ყველის აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის რეგისტრაცია 2019 წელს დასრულდება. გეოგრაფიული აღნიშვნების შემუშავება ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით მიმდინარეობს. ENPARD -ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თამარ ხუნწარია აღნიშნავს, რომ რეგულაცია მსგავს პროდუქტებს ევროკავშირის ბაზარზე შესვლას გაუადვილებს.
,, ევროკავშირის მხარდაჭერით, მიმდინარეობს მუშაობა თუშური გუდის ყველის ადგილწარმოშობის სერტიფიკატის შექმნაზე. ასევე, ჩამოყალიბდა გუდის ყველის მწარმოებელთა ასოციაცია, რომლის მიზანიცაა გუდაში ყველის მწარმოებელების გაერთიანება, წარმოების ტექნოლოგიის ტრადიციის გაცოცხლება და თუშური გუდის, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა. ადგილწარმოშობის სერტიფიკატი სამომავლოდ განსაზღვრავს, როგორ უნდა დამზადდეს და როგორი გემოვნური თვისებები უნდა ჰქონდეს ტრადიციულ გუდის ყველს. ეს სერთიფიკატი მიენიჭება მხოლოდ იმას, ვინც მართლაც ხარისხიან პროდუქტს აწარმოებს. აღნიშნული ხელს შეუწყობს ყველის უცხოეთში რეალიზაციას და აღკვეთს ბაზარზე ფალსიფიცირების შემთხვევებს” – განუცხადა Bm.ge-ს ENPARD -ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თამარ ხუნწარიამ.
ადგილწარმოშობის დასახალება არის გეოგრაფიული ადგილის, რაიონის, რეგიონის, გამონაკლის შემთხვევაში, ქვეყნის თანამედროვე ან ისტორიული სახელი და გამოიყენება ისეთი საქონლის მოსანიშნად, რომლის განსაკუთრებული (და არა განსაზღვრული) ხარისხი და მახასიათებლები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის ფაქტორით. ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების სამართლებრივი დაცვა ხორციელდება სამართლებრივი რეგულაციებით. ქართული ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა შესაძლებელია “საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საქპატენტში მისი რეგისტრაციით.

მასალა agromedia.ge-სთვის მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი