მარანი “ხვთისია” პროდუქციის გატანას ექსპორტზე გეგმავს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მდებარე საოჯახო მარანმა ,,ხვთისიამ“ ბიოღვინის წარმოება ოთხჯერ გაზარდა. მარნის დამფუძნებელი აცხადებს, რომ მოცულობის გაზრდის პარალელურად ისინი პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავენ.
ზურაბ ხვთისიაშვილის თქმით, მარანი, ოჯახის წევრებთან ერთად, პაპა-ბებიის კუთვნილ კარმიდამოში ააშენა. მისივე ინფორმაციით, ღვინოს ერთ ჰექტარზე მოწეული ყურძნის მოსავლით აყენებენ, რომელიც კახეთში საუკეთესო მიკროზონაშია გაშენებული.
“ვენახები სოფელ კარდენახში, ახოების მიკროზონაში, გვაქვს, სადაც საფერავის და რქაწითელის ჯიშის ვაზია გაშენებული. ღვინის წარმოება 2015 წელს დავიწყეთ. ვენახები ახალშენია და ყოველწლიურად იზრდება მოსავლის რაოდენობა და შესაბამისად ღვინის რაოდენობაც. ვაზს ბიოწესებით ვუვლით. ვაპირებთ ძველი კახური ჯიშების გაშენებას. ახოებში განსაკუთრებით კარგი ხარისხის საფერავი და ხიხვი მოდის, საფერავი უკვე მაქვს და ვაპირებ ხიხვის დამატებასაც. ასევე, ძალიან მინდა გავაშენო კახური მცვივანი, რომელიც მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი. ღვინო ბოთლში პირველად შარშან ჩამოვასხით, 2016 წლის მოსავალი, სულ 250 ცალი, წელს 1000 ბოთლამდე გავზარდეთ წარმოება და ყოველწლიურად კიდევ გავზრდით. ჯერჯერობით ჩვენს პროდუქციას თბილისში, ღვინის ბარებში და სპეციალიზებულ მაღაზიებში ვყიდით: ანდერგრაუნდში, ჯივინოში და სხვა. ბოთლის ფასი 20-დან 30 ლარამდეა, ჯიშისა და ღვინის ხარისხის მიხედვით, შარშანდელი მოსავალი ძალიან მაღალი ხარისხის გამოვიდა”, – განაცხადა ზურაბ ღვთისიაშვილმა.

მასალა agromedia.ge-სთვის მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი