ლაგოდეხელი ეკომიგრანტის წარმატების ისტორია

აჭარელმა ეკომიგრანტმა, თენგიზ ბერიძემ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში, ევროკავშირის დახმარებით, კიტრის სასათბურე მეურნეობა გააშენა. იგი სოფლის მეურნეობით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული, თუმცა სასათბურე მეურნეობის მოწყობა და ბიზნეს იდეის განხორციელება გასულ წელს მოახერხა. ფერმერი აღნიშნავს, რომ ბიზნესსაქმიანობა მძიმე სოციალური პირობების გამო დაიწყო.
მეწარმე ამბობს, რომ ჰერეთისკარში ბოსტნეულის წარმოებისთვის კარგი პირობებია. მისი თქმით, მოსახლეების უმრავლესობა სწორედ მებოსტნეობას მისდევს.
,,მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის ვუვლიდით საკარმიდამო ნაკვეთს, ბავშვები დადიოდნენ სკოლაში. ვხნავდი და ვამუშავებდი მიწას, ვთესავდი ცოტა კარტოფილს, ბადრიჯანს, პომიდორსა თუ სხვა ბოსტნეულს, მაგრამ მაინც ძალიან მძიმე სოციალურ პირობებში ვცხოვრობდით. მიუხედავად იმისა, რომ ვსარგებლობდით სოციალურად დაუცველის სტატუსით და დახმარების სახით თვეში 200 ლარს ვიღებდით, ასევე მე მიღებული ტრამვის შედეგად დავკარგე ხელი და მეორე ჯგუფის ინვალიდობის პენსიაც მეძლეოდა 100 ლარის ოდენობით, მაინც ეს თანხა ოთხსულიანი ოჯახის შესანახად არ იყო საკმარისი. გასავალი ბევრი იყო, შემოსავალი კი – ცოტა.
მომწყინდა სახელმწიფოზე დამოკიდებულებაც და ვიფიქრე, ცოტას გავფართოვდები, იქნებ რამე გამომივიდეს მეთქი. ვცდილობდი, რომ ყველა პრობლემა გადამეჭრა, ამასობაში კი გამოჩნდა ევროკავშირი და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი. რაც მთავარია, დღეს შემწეობაზე დამოკიდებული აღარ ვარ“ -განუცხადა knews.ge-ს თენგიზ ბერიძემ.
მეწარმემ ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის (ENPARD) შესახებ ბროშურიდან შეიტყო, საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და საყვარელი საქმე ბიზნესად აქცია. თენგიზ ბერიძემ 18 000 ლარის დაფინანსება მიიღო და ამჟამად 800 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ მეურნეობას ფლობს.
,,შემთხვევით ვნახე ბუკლეტი, სადაც ევროკავშირის მხარდამჭერი პროექტის შესახებ ეწერა და გადავწყვიტე საგრანტო კონკურსში მონაწილეობა. დავწერე სასათბურე მეურნეობის განვითარების პროექტი და განსახილველად ლაგოდეხის განვითარების ჯგუფს წარვუდგინე. ჟიურიმ ინიციატივა მოიწონა და საშუალება მომეცა ბიზნეს გეგმის შედგენის კუთხით გადავმზადებულიყავი. ტრენინგების შემდეგ დახვეწილი ბიზნეს გეგმა შევიმუშავე და იმავე წლის გაზაფხულიდან პროექტი ევროკავშირმა 18,000 ლარით დააფინანსა. ევროკავშირის მხარდაჭერით, 800 კვადრატულ მეტრზე გავაშენე კიტრის სათბური, მოვაწყე წვეთოვანი სარწყავი და გათბობის სისტემები, შევიძინე დამატებითი ტექნიკა. სათბური მინიმუმ 6 წლიან წარმოებაზეა გათვლილი. სათბური ენერგოეფექტურია. სათბური თბება სპეციალური ნარევით, რომელიც წყალს 70 გრადუსამდე ტემპერატურაზე ინარჩუნებს. ENPARD რომ არ ყოფილიყო, ვიქნებოდი ისევ სოციალურად დაუცველი და ვიფიქრებდი, რითი გამეუმჯობესებინა ცხოვრება’’, – ამბობს თენგიზ ბერიძე.
მეწარმის თქმით, სათბურის უპირატესობა და შემოსავლიანობის ძირითადი მიზეზი არის სწორედ ის, რომ სათბურში მოყვანილი კიტრის მოსავალი მოდის მაშინ, როდესაც ბაზარზე პროდუქტი მცირეა. თენგიზი მოსავალს იღებს ორჯერ, ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე. მეწარმე მიუთითებს, რომ წელიწადის ამ დროს კიტრს უფრო მაღალი ფასი აქვს, შესაბამისად, მეტია ოჯახის შემოსავალიც.
ბერიძეები წარმოებაში ეტაპობრივად ნერგავენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ცდილობენ, კიდევ უფრო დახვეწონ ბიზნესსაქმიანობა. ჯერჯერობით ოჯახს მხოლოდ კიტრი მოჰყავს, თუმცა თანდათანობით პროდუქტის ჩანაცვლებაზეც ფიქრობენ. ისინი პომიდორის და ბადრიჯანის მოყვანასაც გეგმავენ.
„აუცილებლად დავრგავ სხვა ბოსტნეულსაც და შევეცდები, ბიზნესიც გავაფართოო. კონკრეტულ გეგმას შევიმუშავებ, შევეცდები, პომიდორისთვის ცალკე სათბური მოვაწყო. თანხის მოძიებას ვაპირებ ისევ ამჟამინდლი ბიზნესიდან და მოგებას ბიზნესში დავაბრუნებ და მეორე სათბურს ავაშენებ“, – აღნიშნავს თენგიზი.
მეწარმე სამომავლოდ პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

მასალა agromedia.ge-სთვის მოამზადა მაკა ხაზიურმა.

კომენტარები

კომენტარი