ნუგბარი ყურძნის წვენის კონცენტრატის მწარმოებელ ქარხანას შექმნის

შპს “ნუგბარი” სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში ყურძნის წვენის კონცენტრატის მწარმოებელ ქარხანას შექმნის. პროექტი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდება. კომპანია ამ მიმართულებით 273 800 ლარის ინვესტიციას და დამატებით 50 ადამიანის დასაქმებას გეგმავს.
„ნუგბარის“ დამფუძნებელი ბიძინა ფხოველიშვილი აღნიშნავს, რომ კომპანია ახალ საწარმოს თანამედროვე ტიპის დანადაგარებით აღჭურვას აპირებს.
,,ახალი საწარმოს საშუალებით „ნუგბარი“ ჩურჩხელების წარმოების გაზრდას და ექსპორტზე უფრო მეტ პროდუქციას გაიტანს’’, – აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.
ფხოველიშვილი ამბობს, რომ საწარმოამ ეტაპზე სიღნაღის ქალაქ წნორში ვენახებს ფლობს, სადაც მოყვანილი ყურძნით 20- მდე სახეობის ჩურჩხელას ამზადებენ, რომელიც ევროპის 6-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. მეწარმე ირწმუნება, რომ მათი პროდუქციის ხარისხი მაღალია, ფასი კი საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალი.
,,ჩვენი ძირითადი პროდუქტებია 20 სახეობის ჩურჩხელა და ქართული ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრებები, რომლებიც მზადდება ჯანსაღი ინგრედიენტებითა და ტრადიციული მეთოდებით. ჩურჩხელების გასაყიდი ფასები 2.50 და 2.80 ლარია და ისინი შესაბამისად რქაწითელისა და საფერავის 40%-იანი სიტკბოს ბადაგით მზადდება. ტკბილეული სრულმარცვლოვანი ფქვილით მზადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფქვილი მიღებულია ხორბლის მთლიანი მარცვლიდან. ჩვენი პროდუქცია ევროპის 6 ქვეყანაში გადის ექსპორტზე”, – ამბობს ბიძინა ფხოველიშვილი.
შპს „ნუგბარი 2015 წელს დაარსდა და ბაზარზე აქტიურად გასულ წელს გამოჩნდა. კომპანიაში 35-მდე თანამშრომელია დასაქმებული. კომპანია დღეში 3,000-მდე ჩურჩხელას აწარმოებს. საწარმო სასაჩუქრე პაკეტებსაც ყიდის, რომელშიც ჩურჩხელასთან ერთად საკუთარი წარმოების გოზინაყი, ტყლაპი და ჩირიც შედის.
,,კომპანია წარმოებულ პროდუქციას საკუთარ მაღაზიებსა და რამდენიმე პარტნიორ სავაჭრო ქსელში სპეციალური სადგამებიდან ყიდის. „ნუგბარის“ ბრენდით დამზადებული ჩურჩხელები სპეციალურ სადგამებზე 200-მდე ობიექტშია ხელმისაწვდომი. მათ შორისაა: „ნიკორა”, „ორი ნაბიჯი”, „ევროპროდუქტი”, „ჯორჯიტა” და ღვინის მაღაზიათა ქსელი “მეღვინეობა ხარება”. ჩვენ ვართ ახალი კომპანია ქართული ტრადიციული ტკბილეულის ბაზარზე. „ნუგბარი“ აერთიანებს საოჯახო მეურნეობის ტიპის საწარმოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში და მაღაზია-შოურუმს თბილისში. გვჯერა, რომ ნატურალური და გემრიელი ჩურჩხელის, ჩირის, ტყლაპის, გოზინაყისა და სხვა ქართული ტკბილეულის ორგანიზებული სახით წარმოებას კარგი პერსპექტივები აქვს და, ამასთანავე, საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის იმიჯის თვალსაზრისით”, – აღნიშნავს agromedia.ge-სთან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელი.
ფხოველიშვილის ინფორმაციით, ყურძნის წვენის კონცენტრატების ქარხნის გახსნისა გარდა, უახლოეს მომავალში, სასაჩუქრე პაკეტების განახლებას გეგმავენ და გოზინაყისა და ტყლაპის მასიურ წარმოებას აპირებენ.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი