ლაგოდეხში მოყვანილი თხილი აზერბაიჯანსა და იტალიაში იყიდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეწარმეს ხათუნა კურტანიძეს თხილი აზერბაიჯანსა და იტალიაში გააქვს. მისი თქმით, სასუფრე ჯიშის თხილზე მოთხოვნა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარე დღითიდღე იზრდება. მეწარმე ამბობს, რომ ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს, რადგან საქმიანობის გასაფართოვებლად და მეტი პროდუქტის საწარმოებლად ფინანსური რესურსია საჭირო.
კურტანიძის ინფორმაციით, გავაზურა ჯიშის თხილი, რომელიც 5 ჰექტრამდე ტერიტორიაზე აქვს გაშენებული, გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და სასარგებლო პროდუქტია. მისი განმარტებით, ფინანსების არქონის გამო ბიზნესის გაფართოვებას ვერ ახერხებს, რომლის გამოც თხილი დიდი რაოდენობით ვერ მოყავს.
,,აღნიშნული საქმიანობა საკუთარი ფინანსებით ლაგოდეხში დავიწყე 20 წლის წინ, ამ მიმართულებით აქტიურად კი ბოლო ხუთი წელია ვმუშაობ. აზერბაიჯანში დიდი მოთხოვნაა ქართულ თხილზე იმიტომ რომ ვიზუალურად ძალიან ლამაზი ჯიშები გვაქვს კახეთში, როელიც გემრიელი და სასარგებლოა. უფრო სასუფრე თხილზეა მოთხოვნა. რამდენიმე წელია აზერბაიჯანის ბაზარზე სასუფრე ჯიშის თხილი გამაქვს. თხილის ნაწილს ვიბარებ მოსახლეობისგან. მეც მაქვს თხილის პლანტაციები და გავაზურა ჯიშის თხილი 5 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გაშენებული. ამ ჯიშს მივანიჭე უპირატესობა, რადგან უფრო ნაკლებად ავადდება და ვიზუალურადაც ლამაზია. გარდა ამისა, დაავადებებსაც ნალებად იზიდავს. ყოველწლიურად ჩვენი მოსავალი 5 ტონამდე აღწევს, რომელსაც ქართულ და უცხოურ ბაზარზე ვყიდით’’,- განაცხადა ხათუნა კურტანიძემ.
მეწარმეს თხილს იტალიის ბაზარზეც ყიდის. მისი თქმით, გასულ წელს იტალიაში ექსპორტზე 150 ტონა ნაჭუჭიანი თხილი გაიტანეს.
,,აზერბაიჯანის გარდა, ჩვენი პროდუქცია გადის იტალიაში. იტალიური კომპანიაა ,,ბიონუციონელა’’, მისი წარმომადგენელი რამდენჯერმე თავად მოვიდა ჩვენთან, დაინტერესდა ჩვენი საქმიანობით და დაგვეხმარა პროდუქტის გატანაში. მან მოგვცა შეკვეთა და მივაწოდეთ 150 ტონა ნაჭუჭიანი თხილი. გვიხარია, რომ კმაყოფილები დარჩნენ თხილის ხარისხით.’’
თხილის გარდა, ფერმერი მოსახლეობისგან წაბლს, ჩინურ და ქართულ კაკალსაც იბარებს, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ხათუნა კურტანიძის თქმით, მან ცოტა ხნის წინ გააშენა ჩინური ჯიშის კაკალი, რომლის რეალიზაციას უახლოეს მომავალში გეგმავს.
,,იმის გამო, რომ თხილზე და კაკალზე მოთხოვნა იზრდება, დავრგე ასევე ჩინური კაკალი, რომელსაც მანამდე მოსახლეობიდან ვყიდულობდი. პრობლემა მექმნებოდა იმაზე, რომ პროდუქცია უხარისხო იყო, გადარჩევისას დანაკარგი დიდი იყო. მაქვს ასევე სასაწყობე მეურნეობა, სადაც 80- დან 100 ტონამდე მოსავლის შენახვა შეგვიძლია. ვიბარებ მოსახლეობისგან პროდუქტს და შემდეგ ვყიდი. დასაქმებული მყავს როგორც ჩემი ოჯახის წევრები, ასევე ადგილობრივები, რომლებსაც პროდუქტის დახარისხების დროს ვასაქმებ’’,- აცხადებს მეწარმე.
მეწარმე სამომავლოდ სასაწყობე მეურნეობის გაფართოებას და პროდუქტის შესანახად ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს. ის სხვადასხვა საგრანტო კონკურსშიც აპირებს მონაწილეობას

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი