შილდაში დაყენებული საოჯახო მარნის ღვინო ბერლინში გაიყიდება

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მდებარე კომპანია “შალოშვილის მარანმა“ გერმანიაში საექსპორტო არეალი გააფართოვა და ღვინოს ბერლინში გაყიდის. agromedia.ge-სთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი ალექსი შალოშვილი აცხადებს, რომ მარნის რამდენიმე სახეობის ღვინო ფრანკფურტში უკვე სამი წელია იყიდება, ბერლინში კი პროდუქცია წინა კვირას გაგზავნეს.
„ღვინის 40% ადგილობრივ ბაზაზრე, 60% კი ექსპორტზე იყიდება. პროდუქცია ექსპორტზე რუსეთსა და გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გაგვაქვს. უახლოეს მომავალში კი შალოშვილის მარნის ღვინო უკვე ბერლინშიც გაიყიდება. ნიმუშები წინა კვირას გავაგზავნეთ“, – განუცხადა agromedia.ge-ს ალექსი შალოშვილმა.
შალოშვილის მარანში რვა სახეობის ღვინოს აყენებენ. ალექსი ამბობს, რომ ვენახს ბიოლოგიური დაცვის საშუალებებით უვლის და ამავე დროს ღვინის დაყენების პროცესში ქიმიური ჩარევა გამორიცხულია.
„ჩვენს მარანში ვამზადებთ რვა დასახელების ღვინოს, ესენია: საფერავი, საფერავი კასრში დაძველებული, საფერავი ქვევრში დამზადებული, ქინძმარაული, მწვანე, რქაწითელი ქვევრის, რქაწითელი კახური ტექნოლოგიით და რქაწითელი კასრში დავარგებული. გარდა ამისა, ვამზადებთ ,,ჭაჭას“, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. მარანში წარმოებული ღვინო სუფთა და ხარისხიანია, რადგან დაარსების დღიდან აქტიურად ხორციელდება მარნის უმაღლესი ტექნიკით აღჭურვა. 2005 წელს ჩვენმა წარმოებულმა ღვინომ ოქროს მედალი მოიპოვა. ეს იყო ბიძგი იმისთვის, რომ სერიოზულად გამეგრძელებინა საქმე, რომელიც მიყვარს“, – აღნიშნავს მეღვინე.
“შალოშვილის მარანი“ ყვარელში, ქინძმარაულის მიკროზონაში 16 ჰექტარ ვენახს ფლობს, სადაც საფერავის, რქაწითელის და მწვანეს ჯიშის ყურძენია გაშენებული. ალექსი შალოშვილი ამბობს, რომ წელს ქისის ჯიშის ვაზიც გააშენეს, რომლისგანაც თეთრი მშრალი ღვინის წარმოებას გეგმავენ. შალოშვილები აგროტურიზმის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობენ. ვენახის შუაგულში მდებარე საოჯახო სასტუმროში ტურისტებს ღვინის და ტრადიციული კერძების დაგემოვნება და მის მომზადებაში მონაწილეობა შეუძლიათ.
„კომპანია ღვინოს სრულად საკუთარი ვენახებიდან მოწეული ყურძნის მოსავლით ამზადებს. ყოველწლიურად 150 ტონა ყურძენს ვკრეფთ. მეღვინეობის გარდა, ჩვენ ტურიზმის მიმართულებასაც ვავითარებთ. ჩვენ გვაქვს 20- ნომრიანი სასტუმრო, სადაც სტუმრებს წლებია ვმასპინძლობთ. ტურისტებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად და სასტუმროს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, დამატებითი ინვესტიცია ჩავდეთ. ზაფხულის სეზონზე სასტუმრო 60%-ით მაინც არის დატვირთული, თუმცა ზამთარში მოთხოვნა დაბალია. ტურისტების 35%-40% რუსეთიდან ჩამოდიან, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებიდან“, – აცხადებს ალექსი შალოშვილმა.
შალოშვილმა სასტუმროსა და ღვინის საწარმოს განვითარებისთვის, ჯამში, 800 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 200 ათასი დოლარი, ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში მიღებული დაფინანსებაა.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი