რუსეთის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის კონტროლი გამკაცრდება

რუსეთის მიერ ალკოჰოლური სასმელების იმპორტზე კონტროლის გამკაცრებას კახური ტრადიციული მეღვინეობის (KTW GROUP) დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დაცულობას უზრუნველყოფს. კომპანიამ ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად წარმოებაში გარკვეული ინვესტიციები განახორციელა. როგორც ბიზნესმენმა Bm.ge-ს განუცხადა, ამ ცვლილებების შესახებ რუსული მხარის მიერ დროულად იყვნენ ინფორმირებულები და შესაბამისი ზომებიც უკვე მიიღეს.
“ამ ცვლილების შესახებ დაახლოებით ექვსი თვის წინ ვიყავით ინფორმირებულები. ჩვენთვის ეს, ერთი მხრივ, ახალ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთის ბაზარზე ჩვენს პროდუქციაზე უფრო მეტი კონტროლის განხორციელებას ითვალისწინებს. ყველა გადადგმულ ნაბიჯში უნდა დავინახოთ პოზიტივი. ჩვენთვის პოზიტივი არის ის, რომ რუსეთის ბაზარზე უფრო მეტი კონტროლის საშუალება გვექნება. არ ვიცი, როგორ შეასრულებს ამ კონტროლს რუსეთის შესაბამისი ორგანო, თუმცა ჩვენთვის მეტი დაცულობა იქნება, რადგან ეს სისტემა ელექტრონული საშუალებით კონკრეტული ბოთლის მოძებნის შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
მისი განმარტებით, KTW GROUP-მა პარტნიორი კომპანია მოიძია და მარკირების სისტემა ყველა საწარმოში დანერგა.
“ახალი სისტემა გულისხმობს თითოეული ბოთლი სასმელისთვის ნომრის მინიჭებას, ანუ მარკირებას, რაც ბოთლების მიხედვით ყუთის და პალეტის მარკირებას გულისხმობს. ამის დანერგვა, ზოგადად, ცოტა რთული იყო, რადგან სისტემა საწარმოში ყველა ხაზზე უნდა დამონტაჟდეს, სადაც პროდუქციის ჩამოსხმა მიმდინარეობს, მაგრამ ამისთვის მოვემზადეთ. რაც შეეხება დანახარჯებს, ჩამოსასხმელ თითოეულ ხაზზე სისტემის მონტაჟის ღირებულება 25-30 ათასი ევროა“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი