საქართველოში საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის გენერალური ანსამბლეა ჩატარდება

საქართველოში პირველად საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის გენერალური ანსამბლეა ჩატარდება. ღონისძიება 17-დან 22 ივნისის ჩათვლით გაიმართება. ,,საქართველოს სომელიეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, შალვა ხეცურიანის თქმით, ეს ამ ორგანიზაციის რიგით 49-ე ანსამბლეაა, რომლის ჩატარებაც საქართველოში ორი წლის წინ გადაწყდა.
,,ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები წინასწარ იყვნენ საქართველოში ჩამოსული მონიტორინგის მიზნით, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ღონისძიების აქ გამართვა. ძირითადად ეს მოიცავდა ინფრასტრუქტურის შემოწმებას, სადაც უნდა განთავსდნენ ეს ადამიანები და ჩატარდეს ღონისძიება. მსოფლიოს 62 ქვეყნიდან დაახლოებით 100 ადამიანი ესტუმრება საქართველოს. ეს არიან მსოფლიოს მთავარი სომელიეები. დაგეგმილია უამრავი ღონისძიება, მათ შორის სტუმრებს საქართველოს კულტურას და ძველ ტრადიციებსაც გააცნობენ. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია 2014 წლიდან არის ამ ასოციაციის წევრი და ჩვენ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ ამ ორგანიზაციას გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა. ვაპირებთ, ვაჩვენოთ მათ ჩვენი ცხოვრების წესი, უძველესი ტრადიციები, სუფრაზე ქართული სადღეგრძელოების წარმოთქმის კულტურა, რაც გარე თვალით ძალიან საინტერესო სანახავია. ორი ძირითადი აქცენტი გვაქვს, რაც გვინდა სტუმრებს წარვუდგინოთ, ეს არის ქვევრი, როგორც არქაული ტექნოლოგია, რომელიც ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს და ღვინის ბიზნესში ვიყენებთ, როგორც ახალ კატეგორიას. ასევე, ყურადღებას ვამახვილებთ საფერავზე, როგორც ჩვენს მთავარ ჯიშზე. დაგეგმილია საფერავის ყურძნის ჯიშის ძირითადი არომატული და გემოვნური მახასიათებლების ორგანულ-ეპტიკური დადგენის საერთაშორისო სესია“, – განაცხადა შალვა ხეცურიანმა.
მისივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი ყველა სახეობის ღვინო საქართველოდან და საწარმოებს ექნებათ შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავიანთი პროდუქცია. შალვა ხეცურიანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სტუმარ სომელიიებს შორის ბევრი ბიზნესმენია, რომლებიც არიან რესტორნების, სასტუმროების ქსელების მეპატრონეები და ღვინის მსხვილი იმპორტიორები.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი