“მარსზე ქართული ვაზის ჯიშის გენერირება იგეგმება”

პლანეტა “მარსზე“ ქართული ვაზის ჯიშის გენერირება იგეგმება. პროექტს ,,IX მილენიუმი“ კოსმოსური კვლევის სააგენტო განახორციელებს.
ამისთვის სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელშიც გაერთიანდებიან საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, კომპანია Microsoft-ის წარმომადგენელი ნიკოლოზ დობორჯგინიძე და კომპანია SpaceFarms – მომავლის სათბურის წარმომადგენლები. აღნიშნული პროექტის შექმნაში წვლილი შეიტანა სააგენტო „Windfor’s“ – მაც.
პროექტის პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდება სამუშაო სტრატეგია, რომელიც მოიცავს შესასრულებელი სამუშაოების კონკრეტულ გეგმას და ვადებს.
ამ ეტპაზე სასტუმრო “სტამბაში” იქმნება რეგიონში პირველი ურბანული ვერტიკალური სათბური-ლაბორატორია, რომელსაც მართვაზე პასუხისმგებლობა კომპანიას ,,SpaceFarms“ ექნება. აღნიშნული სათბური-ლაბორატორია 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. ლაბორატორიაში ვაზის სპეციალურ ჯიშებს გამოიყვანენ და გამოიკვლევენ. აღნიშნული პროცესი BTU-ს ჩართულობით, HP-ს ტექნიკური მხარდაჭერითა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.
მარსის კოლონიზაციის ფარგლებში NASA-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად BTU-ს ბაზაზე კომპანია HP Inc-მა შექმნა კვლევითი ლაბორატორია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება აღნიშნულ პროექტზე მომუშავე ექსპერტებისთვისაც.
ამერიკის კოსმოსური სააგენტო (NASA) აქტიურად მუშაობს პლანეტა მარსის კოლონიზაციის პროექტზე.
NASA-ს ასტრონავტების მიერ კოსმოსურ სადგურზე საკვების მოყვანის რამდენიმე წარმატებული ექსპერიმენტი უკვე განხორციელდა. პოტენციალი, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით მუშაობისთვის გააჩნია, მსოფლიოში უნიკალურია, რადგან იგი ვაზის კულტივაციის უძველეს კულტურას ეხება.
პროექტის ავტორები განმარტავენ, რომ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნის პოზიციონირებისთვის, არა მხოლოდ რეგიონის ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბების პროცესში, არამედ საქართველოს უძველესი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი