ღვინის კომპანია ვაზიანი კახეთში მსხვილ პროექტს განახორციელებს

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „მეღვინეობა ვაზიანი“ მსხვილ საინვესტიციო აგრო პროექტს განახორციელებს. კომპანიამ საქართველოს ბანკის მეშვეობით კახეთში, ქინძმარაულის ზონაში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემსა და ენისელში 120 ჰექტრამდე ვენახი და სავენახე მიწები შეიძინა. ვენახებში ძირითადად გაშენებულია საფერავისა და რქაწითელის, ასევე ისეთი იშვიათი ყურძნის ჯიშები, როგორებიცაა ქისი, ხიხვი, კრახუნა, ციცქა, უსახელოური, შარდონე და კახური მწვანე.
კომპანია ვაზიანის დირექტორის, ნათია მეტრეველის ინფორმაციით, საკუთარი ვენახებიდან 800 ტონაზე მეტი ყურძნის მიღებას გეგმავენ. ამჟამად კი მიმდინარეობს სარწყავი სისტემების პროექტის დამუშავება. 2019 წლიდან დაგეგმილია 41 ჰექტარამდე საფერავის ჯიშის ყურძნის გაშენება სოფელ ენისელში.
„საკუთარ ვენახში მოწეული მოსავალი კომპანიას იცავს ფინანსური რისკებისაგან, რაც ყურძნის ფასის ცვალებადობას ახლავს თან და ამავდროულად, მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების შესაძლებლობას იძლევა, რადგან მოვლის სრული ციკლის საფუძვლიანი ზედამხედველობა მოხდება.
ამ პროექტის შემდგომ კომპანია პრაქტიკულად აღარ იქნება დამოკიდებული საბაზრო ფასის ცვლილებებზე რთველის დროს, რაც ხშირ შემთხვევაში არაჯანსაღად აისახებოდა ღვინის სექტორში მოღვაწე კომპანიების კომერციულ საქმიანობაზე“
,- განაცხადა ნათია მეტრეველმა.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი