მეფრინველეები მთავრობას დახმარებას სთხოვენ

მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლები მთავრობის მიერ ამ მიმართულებით არსებულ მიდგომებს აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავენ. “საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის” ხელმძღვანელის, ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, კვერცხზე და ფრინველის ხორცზე დღგ-ს გადასახადის მოხსნას მნიშვნელოვანი იქნება. მისი ინფორმაციით, მეფრინველეები ამას წლებია უშედეგოდ ითხოვენ.
“როგორც ჩანს, ჩვენ არავინ გვთვლის ამ ქვეყნის მოქალაქეებად და არაფერი კარგი ჩვენზე არ ვრცელდება. აქამდე თუ რძის პროდუქტების მწარმოებლებიც ჩვენნაირ მდგომარეობაში იყვნენ, შეღავათები მათაც შეეხოთ, ჩვენ კი ისევ იმ მდგომარეობაში ვართ” – განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კვერცხზე დღგ 2008 წლიდან, ხოლო ქათმის ხორცზე 2010 წლიდან ამოქმედდა. უჩუმბეგაშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან კონსულტაციები რეგულაციების ამოქმედების შემდეგ არ შეწყვეტილა.
“ერთ-ერთ მოტივად, რის გამოც მთავრობას მეფრინველეობის დარგის დღგ-სგან გათავისუფლება არ სურს, დასახელდა ის, რომ მეფრინველეობის სფეროდან ბიუჯეტში შეტანილი თანხა საკმაოდ სოლიდურია და 60 მილიონ ლარს შეადგენს. ამ თანხის ნაწილს ბიუჯეტი მაინც მიიღებს, იმ ეკონომიკური ეფექტების გათვალისწინებით, რაც ამ დარგის დღგ-სგან გათავისუფლებას მოჰყვება. დღგ-ს მოხსნის შემთხვევაში ადგილობრივ პროდუქციას შევიძენთ და ეს ფული ქვეყანის ეკონომიკაში დარჩება და დოლარის ყიდვას არ მოხმარდება, რაც ეროვნული ვალუტის კურსზეც ცუდად აისახება. წახალისდება ფერმერი და ადგილობრივი წარმოება, რომელიც თავის მხრივ ბიუჯეტში გადამხდელია. გარდა ამისა, მარცვლეულის მოყვანას საწვავი, შხამ-ქიმიკატები, დისტრიბუცია, შესაფუთი მასალები სჭირდება, ანუ ათასი თანმდევი საქმიანობა წახალისდება. ასე, რომ დასახელებული 60 მილიონიდან, რაც დღეს ბიუჯეტში მეფრინველეობიდან შედის, 70% მას უკან დაუბრუნდება”, – აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი