შუხმან ვაინს ჯორჯიამ ღვინის კოსმეტიკური ხაზის წარმოება დაიწყო

კომპანია “Schuchmann Wines Georgia”-მ ყურძნის წიპწის ზეთისა და სკრაბის წარმოება დაიწყო. კომპანიამ პროდუქტი საფერავის ჯიშის ყურძნის წიპწისგან მიიღო. “შუხმან ვაინს ჯორჯიამ” კოსმეტიკური ხაზის დასამზადებლად ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე საწარმო მოაწყო, კადრები კი გერმანიაში გადაამზადა. კომპანიის გენერალური დირექტორის, ნუცა აბრამიშვილის ინფორმაციით, პროდუქტები ამ ეტაპზე მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მდებარე სასტუმრო “Schuchmann Wines Chateau & SPA”-ში იყიდება.
“კომპანიამ ორი ახალი პროდუქტი, ყურძნის წიპწის კოსმეტიკური ზეთი და სკრაბი, საფერავის ჯიშის ყურძნის წიპწისგან ცივი გამოპრესვით მიიღო. ეს 100%-ით ნატურალური პროდუქტია და ამ ეტაპზე კახეთში, ჩვენს სპაცენტრში იყიდება, თუმცა სამომავლოდ ვფიქრობთ სხვაგანაც გავყიდოთ. კომპანიამ უკვე ორი წელია სასტუმროში მოსულ სტუმრებს ღვინის სპა პროცედურებს სთავაზობს, ამ პროდუქტების შექმნის იდეაც აქედან დაიბადა. გვინდოდა სტუმრებისთის სიახლე შეგვეთავაზებინა. პროდუქტი სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც სახისა და სხეულის კანის მოვლისთვის უნიკალური საშუალებაა”, – განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.
ყურძნის წიპწის ზეთი 50 მილიგრამიანი შეფუთვით იყიდება და მისი ღირებულება 45 ლარია. სკრაბი კი 200 გრამიანი შეფუთვით გამოდის და მისი გასაყიდი ფასი 25 ლარია. “შუხმან ვაინს ჯორჯია” ქართულ ძმრის ანუ ე.წ. ბალზამიკოს წარმოებასაც გეგმავს.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი