“ჩვენ გვჭირდება მიწის ახალი რეფორმა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწის ფუნდამენტალური რეფორმის დაწყებას აანონსებს. მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრისას ერთ-ერთი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მთავრობა სოფლის მეურნეობის პოტენციალის ასათვისებლად ძირეული ცვლილებების გატარებას გეგმავს.
„ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მიწის ახალი რეფორმა. ის არსებული მდგომარეობა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ვერ უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის პოტენციალის სრულფასოვან ათვისებას. ჩვენ უკვე გარკვეულად მივიღეთ მოკლევადიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და შეარბილებს იმ პრობლემებს, რაც ამ მიმართულებით იყო. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რამელიც ახალ პროგრამაშია და ჩვენ ივლისში მას კანონის სახეს მივცემთ, არის ის, რომ ყველა საგადასახადო დავალიანება, რომელმაც კომპანიები გააჩერა 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ჩამოიწერება სრულად. ეს არ არის საკამრისი იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ. ჩვენ გვჭირდება მიწის ახალი რეფორმა, ისეთი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გადავიდეთ სრულფასოვან, მომგებიან, ეკონომიკური სექტორის შექმნაზე. სოფლის მეურნეობის დიდ ნაწილში, სამწუხაროდ, ისევ არის ნატურალური მეურნეობა და როდესაც ასეთ მნიშვნელოვან სექტორში ნატურალური მეურნეობა დომინირებს, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი მოსალხოების 50% -ზე მეტია დასაქმებული სოფლის მეურნეობაში. ეს, რა თქმა უნდა, იწვევს მხოლოდ სიღარიბეს, ვერ იწვევს განვითარებას, ჩვენ ეს კარგად გვესმის და ამ მიმართულებით იქნება ფუნდამენტალური რეფორმები”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი