ARIC GROUP საგარეჯოში ინვესტიციების შეჩერებას გეგმავს

Aric Group საქართველოში ინვესტიციებს აჩერებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საგარეჯოს რაიონში მდებარე კომპანიისა და ფერმის „ვინიჩიო ველის“ წარმომადგენლებმა მიიღეს.
agromedia.ge-ს ინფორმაციით, კომპანიას საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტურისტული მიმართულების განვითარების გეგმები ჰქონდა. იგეგმებოდა 150 ხუთვარსკვლავიანი ვილის მშენებლობისა და სათავგადასავლო ტურიზმის, მათ შორის საცხენოსნო ტურების დამატება.
Aric Group-ის პროექტის ხელმძღვანელი აფსალ რავარი კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოში მუშაობისთვის ელემენტარული პირობები არ ჰქონდათ შექმნილი.
“არიკ ჯგუფი” უცხოური კაპიტალით შექმნილი კომპანიაა, რომელიც 2012 წლიდან სოფლის მეურნეობის, კვების ინდუსტრიის, ეკო-ტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებით მუშაობს. დღესდღეობით, კომპანიის ყველაზე დიდი პროექტი საგარეჯოს რეგიონში „ვინიჩიო ველის“ განვითარება იყო. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ფისტის, ღვინისა და ხილის ინდუსტრიული მასშტაბით წარმოება. საბოლოოდ, ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო 1,000 ჰექტარი ფისტას, 400 ჰექტარი ვენახის და 400 ჰექტარი ხეხილოვანი ხილის ბაღების გაშენება. მაგრამ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევაჩეროთ დამატებითი ინვესტიციები. რა თქმა უნდა, იმ ხეებს რომელიც დაირგო მოვუვლით, მაგრამ ახალ ინვესტიციებს არ ჩავდებთ. რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის რომ, აქ მუშაობისთვის ელემენტარული პირობები არ აქვს შექმნილი. ამ საკითხზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. გვინდა ხელისუფლების წარმოამდგენლების აზრი მოვისმინოთ ამ საკითხებზე და შემდეგ აუცილებლად ვისაუბრებთ დეტალებზე”,– აცხადებს ბიზნესმენი.
„ვინიჩიო ველი“ საგარეჯოს რაიონში, სოფელ იორმუღანლოსთან მდებარეობს. საუბარია საკმაოდ დიდ ფართობზე, რომელიც მანამდე ათვსიებული არ ყოფილა. კომპანიაში განმარტავენ, რომ საქართველოში 33 მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებული აქვს.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი