პირველი ქართული ბიო რძისგან დამზადებული 6 სახეობის პროდუქტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში, შირაქის ველზე მდებარე ფერმიდან მიღებული ბიო რძით შპს „ნატურალ პლიუსი“ 6 სახეობის ბიო პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის მთავარი ტექნოლოგის დამხმარე-ასისტენტი, თამარ ფურელიანი აცხადებს, რომ ბიო რძის პროდუქტში შემავალი ყველა ნედლეული ეკოლოგიურად სუფთაა. მისივე ინფორმაციით, წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი ნედლ რძეზეა დამზადებული.
კომპანიამ რძის წარმოება 2014 წლიდან დაიწყო, თუმცა სურსათის უსაფრთხოების მაღალი სისტემის დანერგვა წარმოებაში 2018 წლიდან შეძლო.
,,კომპანია „ნატურალ პლიუსი“ დაარსდა 2004 წელს და ამის შემდეგ ქართულ ბაზარზე მომხმარებელს სთავაზობს რძის პროფუქტების ფართო არჩევანს, რომელიც კონკურენციას უწევს, როგორც ხარისხით, ისე ასორტიმენტით სხვა მწარმოებლებს და ზრუნავს, რომ მომხმარებელს მიაწოდოს უვნებელი და ხარისხიანი პროდუქცია. დედოფლისწყაროში გვაქვს ფერმა, საიდანაც მიღებული რძით ჩვენი საწარმო მარაგდება, რომელიც ქვემო ფონიჭალაში გვაქვს აშენებული. ამდენი წელია ვარსებობთ, ეს დრო არ არის ცოტა გამოცდისათვის, რომელსაც მომხმარებელი გვიტარებს. ნამდვილად დიდი შრომაა ჩადებული ამ საქმეში, რომ დღემდე ისევ ბაზარზე ვიყოთ, რადგან ტოლს არ ვუდებთ კონკურენტებს’’,– განუცხადა agromedia.ge-ს თამარ ფურელიანმა.
კომპანია ამ ეტაპზე სასმელ რძეს, ხაჭოს, არაჟანს, იმერულ ყველს, მაწონს და სულგუნს აწარმოებს. თამარ ფურელიანი ამბობს, რომ „ნატურალ პლიუსი“ არის რძის პირველი საწარმო, რომელსაც ბიო სერტიფიკატი აქვს.
,,ბიო პროდუქტის წარმოება ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობიდან არის შესაძლებელი, სადაც კატეგორიულად იკრძალება სისტემატურად პრეპარატების და აგროქიმიკატების გამოყენება. რძის გადამუშავებისას კი არ გამოიყენება სტაბილიზატორები, კონსერვანტები და არომატიზატორები. საწარმო საკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც მოიცავს წარმოების მთელ ჯაჭვს- ნედლეულის მიღებას, შენახვას, პროდუქციის დამზადებას, მზა პროდუქციის შენახვას და მომხმარებლისათვის მიწოდებას’’, – ამბობს თამარ ფურელიანი.
კომპანიის მთავარი ტექნოლოგის დამხმარე-ასისტენტი აცხადებს, რომ ეკოლოგიურად სუფთა რძის გადამუშავებისთვის და ბიო პროდუქტის დამზადებისთვის სხვადასხვა პროცედურის ზედმიწევნით შესრულება და კონტროლია საჭირო. მისი თქმით, ფერმიდან მიღებული რძე ლაბორატორიულად მოწმდება, როგორც ხარისხობრივ პარამეტრებზე, ისე უვნებლობაზე. თამარ ფურელიანის ინფორმაციით, რძის ხარისხის გარდა, მკაცრად კონტროლდება საძოვრების, ცხოველთა კვების, მოვლის, რძის მიღების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების წესი.
,,ჩვენი პროდუქტი იქმნება საქართველოში არსებული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. პროდუქტი წარმოების პროცესში ლაბორატორიულად მოწმდება და დაფასოების შემდეგ თავსდება სამაცივრე კამერებში. როცა რძე გაივლის ლაბორატორიულ შემოწმებას და დააკმაყოფილებს რეგლამენტის მოთხოვნებს, გაიცემა შესაბამისობის დოკუმენტი და პროდუქტი მზად არის, გავიდეს ბაზარზე. ჩვენი კომპანია ფლობს ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის საერთშორისო ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერთიფიკატებს’’,– აღნიშნავს ფურელიანი.
საწარმო თვეში დაახლოებით 150-180 ტონა რძეს ამუშავებს. „ნატურალ პლიუსის“ რძის პროდუქტების წარმოების მოცულობა ძირითადად სეზონთანაა დაკავშირებული.
,,ზაფხულში, როგორც ყოველთვის, წარმოება კლებულობს. ხშირად ვიღებთ სხვადასხვა ტენდერში მონაწილეობას, გასულ წელს სწორედ შპს „ნატურალ პლიუსი“ ამარაგებდა საქართველოში არსებულ ბაგა-ბაღებს. ჩვენი მონაცემებით, კომპანია თვეში, დაახლოებით, 150-180 ტონა რძეს ამუშავებს. ჯერჯერობით პროდუქტი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ექსპორტზე არ გაგვაქვს, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ სამომავლოდ ამაზე ვიფიქროთ“, – აცხადებს თამარ ფურელიანი.
კომპანიის პროდუქტები ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. საწარმოში არ გამორიცხავენ, რომ პროდუქცია სამომავლოდ ექსპორტზეც გაიტანონ.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი