22 წლის მეწარმის ყვავილების სანერგე მეურნეობა ლაგოდეხიდან

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში მცხოვრებმა ახალგაზრდა მეწარმემ, 22 წლის რებეკა ხუგაევმა, ყვავილების სანერგე მეურნეობა ჩამოაყალიბა.
ხუგაევებმა ყვავილების ნერგების გამრავლება 15 წლის წინ დაიწყეს, 2016 წელს კი ახალგაზრდა მეწარმემ კომპანია „ედემი“ ოფიციალურად დაარეგისტრირა და ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.
რებეკა ხუგაევი მიიჩნევს, რომ ყვავილების გამრავლება რთული, მაგრამ სასიამოვნოა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მარტოხელა დედაა და 10 თვის შვილს მარტო ზრდის, ეს საყვარელი საქმის კეთებაში ხელს არ უშლის.
,,ეს შესანიშნავი საოჯახო ბიზნესის იდეა ჩემს მშობლებს ეკუთნით, სწორედ მათ დაიწყეს ეს საქმიანობა 1992 წელს, კონკრეტულად ყვავილები კი სანერგე მეურნეობას 2004 წლიდან დაემატა. მას შემდეგ რაც დედა გარდაიცვალა, მამაჩემის, მურთაზ ხუგაევის დასახმარებლად 2016 წელს აქტიურად ჩავერთე. გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი ერთ ლამაზ, ჩამოყალიბებულ ინტერნეტ ბიზნესად მექცია. მანამდე მხოლოდ ადგილობრივენი გვიცნობდნენ. მინდოდა, ჩვენ შესახებ ყველას გაეგო. ჩვენი პროდუქტის ხარისხი და ფასი ყველა მნახველს აკვირვებდა. ახლა გვაქვს ძალიან ბევრი სახის ყვავილი, ჯუჯა ხეხილი და ასევე დიდი ხეხილის ბაღი და სხვა. ნერგები გერმანიდან, აფრიკიდან, ესპანეთიდან გვაქვს ჩამოტანილი’’,– განუცხადა AGROMEDIA.GE-ს რებეკა ხუგაევმა.
ახალგაზრდა მეწარმე ამბობს, რომ მსგავსი სხვა მეურნეობისგან ისინი ბიო ნაწარმით, დაბალი ფასით და პროდუქციის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან. იგი განმარტავს, რომ მომხმარებლებს სთავაზობენ ყვავილების ისეთ სახეობებს, რომლებიც საქართველოში გავრცელებული არ არის.
,,ჩვენი მეურნეობა კერძო სახლშია განთავსებული. უცხო ყვავილების ჯიშები, მათი თესლები და ბოლქვები ჩამოგვაქვს გერმანიიდან, სადაც ჩემი და ცხოვრობს. მე ვირჩევ ხოლმე მათ კატალოგიდან, შემდეგ ის მიგზავნის და ვამრავლებთ. მოთხოვნა ყველა ჩვენ არსებულ პროდუქტზეა, მომხმარებლები დაინტერესებულები არიან ქართულ მიწაზე მოყვანილი მცენარებიით. სეზონურად იყოფა ჩვენი გაყიდვის რაოდენობა. მას მერე რაც გავაკეთეთ გვერდი სოციალურ ქსელში, პროდუქციას ძირითადად ინტერნეტის საშუალებით ვყიდით. მანამდე კი ადგილზე ვყიდიდით ხოლმე. ყველა პროდუქტი გამოგვყავს ქართულ მიწაში დანამატების გარეშე. ფასები კი 30 თეთრიდან იწყება’’,– განაცხადა რებეკა ხუგაევმა.
ამ ეტაპზე მეწარმე საკუთარი სანერგე მეურნეობის კატალოგის შექმნაზე მუშაობს. მისი თქმით, კატალოგი მყიდველს სასურველი მცენარის შერჩევაში დაეხმარება.
,,ეს იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მყიდველებმა მოითხოვეს, რომ სია ჩამომეწერა ყველაფრის, რაც მეურნეობაში გვაქვს. მინდა, რომ კატალოგი გავაკეთო, რათა მყიდველისთვის უფრო მარტივი იყოს სასურველი მცენარე შეარჩიოს. მომავალში ეტაპობრივად ვგეგმავ ბიზნესის გაფართოებას, რათა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ შევქმნათ ყვავილის ნერგის მიწოდების სერვისი. მომავალში აუცილებლად იქნება პერსონალური ვებგვერდი, რათა მომხმარებელმა უფრო მარტივად შეძლოს პროდუქტის არჩევა, დათვალიერება და ყიდვა’’,- ამბობს ახალგაზრდა მეწარმე.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი