25 წლის ფერმერის მწყრის ფერმა ახმეტაში

ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 25 წლის ნინო მელქუაშვილმა მწყრის ფერმა გააშენა. ახალგაზრდა ფერმერი ფარაონის ჯიშის მწყრებს ამრავლებს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.
ნინო ამბობს, რომ მწყრების მოშენება და მოვლა რთული საქმეა, თუმცა ეს პროცესი მისთვის სასიამოვნოა. მეწარმემ რამდენიმე თვის წინ შეძინა ინკუბატორი და საქმიანობა 100 მწყრით დაიწყო. ამჟამად ფერმაში 300 მწყერია.
,,მინი ფერმის გაშენება და მწყრის მოშენების იდეა რამდენიმე თვის წინ გამიჩნდა და შევიძინე ინკუბატორი. პირველად დავიწყე 100 მწყერით, რადგან პატარა ინკუბატორი მაქვს. ოჯახის წევრების დახმარებით ავაშენეთ შენობა და გავაკეთეთ გალიები. ახლა მყავს ფარაონის ჯიშის 300 მწყერი. საქმიანობაში მეხმარებიან ოჯახის წევრები, რადგან მწყრებს დიდი ყურადღება სჭირდებათ’’,– განუცხადა agromedia.ge-ს ნინო მელქუაშვილმა.
ახალგაზრდა მეწარმე აღნიშნავს, რომ მწყერზე და მის კვერცხზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე მატულობს. მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე მეწარმე დამატებით ინკუბატორის შეძენას გეგმავს, თუმცა შესაბამისი ფინანსური რესურსი ამ ეტაპზე არ აქვს.
,,მოთხოვნა მაღალია, ჩემს მწყრებს ძირითადად ადგილობრივები ყიდულობენ. არ მყავს მე ჯერ იმდენი რაოდენობა, რომ რეალიზების პრობლემა შემექმნას. ვგეგმავ მწყრის ინკუბატორის შეძენას და გაფართოებას, ეს დამატებით თანხებთან არის დაკავშირებული, რაც ჯერ არ მაქვს. ჩემი სურვილია, გავაფართოვო ფერმა და ავაწყო ჩემი ბიზნესი უკეთესად’’.
ნინო მელქუაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესის დაწყებამდე ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა სახის ინფორმაციას გაეცნო, რომელიც საქმიანობის წარმატებულად განხორციელებაში დაეხმარა.
,,მწყრების მოვლა რთული საქმეა. რაც შეეხება მათ კვებას, ერთ მწყერს უნდა დღეში 30 გრამი საკვები, სამჯერ ვაჭმევთ ათ-ათ გრამს, მოზარდს ვაჭმევთ სიმინდის ღერღილს, ხოლო კვერცხის მდებელებისთვის არის ცალკე საკვები, რომელშიც არის სპეციალური მინარევები. ბევრი ინფორმაცია მათი გაზრდის შესახებ შევიტყვე ინტერნეტით და პრაქტიკაში კარგად ვიყენებ. მწყრებთან ერთად მყავს ასევე კოლხური ხოხბები. სურვილი მაქვს, მყავდეს სხვადასხვა ჯიშის ხოხბები, რაც, ვფიქრობ, მომგებიანი საქმეა’’, – ამბობს ნინო მელქუაშვილი.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი