ტრადიციულ ქართულ ქვევრს 3D ტექნოლოგიით დაამზადებენ

პროექტ “qvevri.xyz”-ის ავტორები გეგმავენ ქვევრი 3D ტექნოლოგიით ააშენონ. პროექტის ერთ-ერთი ავტორი ნიკა გუჯეჯიანი აცხადებს, რომ მომავალში სურთ, საქართველოში 3D აპარატი ჩამოიტანონ და აქ დაიწყონ ქვევრების წარმოება.
მისი თქმით, მათ 3D ტექნოლოგიით დაბეჭდილი პირველი ქვევრის პროტოტიპიც შექმნეს.
„8 000 წლიანი ტრადიციული კულტურა არ გვინდა რომ დაიკარგოს, ამიტომ ერთ-ერთი მსჯელობისას ვიფიქრეთ, რომ აუცილებლად იქნებოდა რაიმე ახალი გზა ქვევრის შენების და მივედით აზრამდე, რომ ხომ არ შევქმნათ პროტოტიპი 3D -ში. როგორც აღმოჩნდა რეალურია, რადგან 3D -ში შექმნილი საბოლოო ქვევრის ვარიანტი, დადებითი მახასიათებლებით იდენტურია ტრადიციულ ქვევრთან. რაც ყველაზე მთავარია, 3D-ში შექმნილ ქვევრს არ აქვს ცუდი მახასიათებლები, რაც ტრადიციულს ახასიათებს, მაგალითად, ძველი ქვევრი 10 -დან 5 მაინც ტყდება. 3D-ში შექმნილი ყველა მყარია და ამის შანსი თითქმის არ არსებობს, რადგან გამოწვის პროცესი უზრუნველყოფილია ავტომატიზებული ღუმელით, პროცესის მაღალი სიზუსტითა და ტემპერატურის მკაცრი კონტროლით. ამიტომ ამ ტექნოლოგიით დაბეჭდილი ქვევრი უფრო მდგრადია. ჩვენი მთავარი მიზანია, ქვევრი იყოს ისეთივე მარტივი საყიდელი, როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტი, რადგან კარგი ქვევრი გახდა დეფიციტური და ძნელად ხელმისაწვდომი, რის გამოც ქვევრის შეძენის მსურველებს თვეობით უწევთ რიგში დგომა და ლოდინი. გვინდა, რომ ეს ტრადამით არ დავკარგოთ და ამით ქვევრის გადარჩენის ახალი გზა მოვნახეთ“ – განაცხადა ნიკა გუჯეჯიანმა.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი