“აგროქიზიყი” მეხორცული მიმართულების ფერმის მოწყობას გეგმავს

კომბინირებული საკვების მწარმოებელი კომპანია “აგროქიზიყი” მეხორცული მიმართულების ღია ტიპის ფერმის მოწყობას გეგმავს. პროექტის მიზანი ფინანსური სარგებლის გარდა, ფერმერთა ცნობიერების დონის ამაღლება და მეხორცული პირუტყვის გამოზრდაში უკეთესი შედეგების მისაღწევად ახალი მეთოდების მოძიება იქნება. ფერმაში პირუტყვის გასაზრდელად კომპანიის მიერ წარმოებულ საკვებს გამოყენებას აპირებენ. კომპანიის დირექტორის განცხადებით, მათი კომბინირებული საკვები ხარისხიანი და ამავდროულად ეკონომიკურად მომგებიანია ფერმერისთვის, რომლის საჩვენებლადაც მათ მედია ორგანიზაცია „კახეთის ხმასთან“ ერთად გადაცემათა ციკლი სახელწოდებით „მოზვერ შოუ“ დაიწყეს. ბექა გონაშვილის ინფორმაციით, ექსპერიმენტის მიზანია, შეცვალოს ფერმერების დამოკიდებულება კომბინირებული საკვების მიმართ და აჩვენოს მათ ამგვარი საკვების უპირატესობა.
,,აღნიშნული ფერმის მაგალითზე ფერმერები შეაფასებენ კომბინირებული საკვების გამოყენების შედეგებს და გარდა ამისა, გაეცნობიან პირუტყვის შენახვის თანამედროვე მეთოდის უპირატესობებს, რაშიც ღია ტიპის ფერმა იგულისხმება. ღია ტიპის ფერმაში პირუტყვი არ არის დაბმულ მდგომარეობაში, არამედ გაშვებულია ნაკვეთზე, ფერმის შენობას კი მხოლოდ სახურავი წარმოადგენს. ასეთი ტიპის ფერმა ასევე სიახლეა ადგილობრივი ფერმერებისთვის, რომლებიც მისდევენ პირუტყვის შენახვის ტრადიციულ, დაბმულ მეთოდს.
კომპანიას აღნიშნული ფერმისთვის პირუტყვი უკვე ჰყავს, თუმცა მომავალში პირუტყვის შეძენას ვგეგმავთ როგორც მერძეული მიმართულების ფერმებიდან, ასევე მცირე ფერმერებისგან, რომლებიც გამოიყენებენ კომპანიის კიდევ ერთ მომსახურებას, ხელოვნურ განაყოფიერებას. იმ შემთხვევაში თუ ფერმერი დაინტერესებულია რძის წარმოებით და განაყოფიერების შედეგად დაიბადება მოზვერი, კომპანია შეისყიდის მას საბაზროზე უფრო მაღალ ფასად, რადგან პირუტყვი იქნება მეხორცული ჯიშის. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ხელოვნური განაყოფიერების პოპულარიზაციას ფერმერებში და მასზე დღეს არსებული, მცდარი წარმოდგენების შეცვლას. მეხორცულ მიმართულებას დიდი პოტენციალი აქვს საქართველოში, განსაკუთრებით პატარა მეურნეობებისთვის, რომლებსაც მცირე რაოდენობით პირუტყვი ჰყავთ და ვერ უზრუნველყოფს შესაბამის საკვებ ბაზას მერძეული მიმართულებისთვის. იმისათვის, რომ ისინი არ გაქრნენ ბაზრიდან, მომავალში მათ შეუძლიათ, გამოიყენონ შანსი და გადავიდნენ მეხორცულ მიმართულებაზე”, – აცხადებს ბექა გონაშვილი.
ფერმა წელიწადში 1000-1500 სულ პირუტყვს გამოზრდის, რომლის ხორციც ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.
კომპანია ამ ეტაპზე მხოლოდ მეხორცული კუთხით მუშაობს, თუმცა მომავალში იგეგმება მერძეული მიმართულების განვითარებაც.
მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი