კახეთში წარმოებული ზეთისხილის ზეთი ბელორუსში გაიყიდება

ქართული წარმოების ზეთისხილის ზეთი სექტემბრის ბოლოს ბელორუსში ექსპორტზე გავა. კომპანია „ჯეოლაივის “ ხელმძღვანელის, გიორგი სვანიძის ინფორმაციით, ბელორუსში თავდაპირველად მხოლოდ ერთი კონტეინერის გატანა იგეგმება.
„ქართული ზეთისხილის“ ზეთი 250 გრამიან, 500 გრამიან და 750 გრამიან მინის ქილებში იყიდება. ზეთისხილის მარინადი კი – 250, 500 და 750 გრამიან მინის ქილებშია წარმოდგენილი. ქართული ზეთისხილის ზეთის ფასი ნახევარლიტრიან ქილაში 13 ლარიდან – 16 ლარამდე მერყეობს, ხოლო 250 გრამიანი ქილის ფასი 7-დან 9 ლარამდეა. პირველ ეტაპზე ზეთისხილის ზეთი ექსპორტზე ბელორუსში გავა, შემდგომ საექსპორტო ქვეყნებად კი ჰოლანდია და რუსეთი მოიაზრება”,- განაცხადა გიორგი სვანაძემ.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო სოფელ საქობოში 2016 წელს გაიხსნა. კომპანიას ზეთისხილის პლანტაციები დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში 300 ჰექტარზე აქვს გაშენებული.
„ქართული ზეთისხილის“ საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობის შედეგად, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ (345 800 აშშ. დოლარი) პროგრამის ფარგლებში აშენდა. პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლობით 5 მილიონი ლარია, ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ განახორციელა.
მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი