სიღნაღში დაყენებული ღვინო სამ ქვეყანაში იყიდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარე კომპანია ,,ტრადიციულის“ წარმოებული ღვინო შვეიცარიაში, იტალიასა და უკრაინაში იყიდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ წარმოებული პროდუქციის 30% ექსპორტზე გადის.
,,კომპანია წელიწადში 23 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. აქედან 30 % გადის ექსპორტზე, დანაჩენი კი იყიდება ისეთ ობიექტებსა და მაღაზიებში, სადაც მოთხოვნადია ორგანული ქართული ტრადიციული ღვინო. ფასებიც შესაბამისია და მისი ყიდვა ყველა მსურველს შეუძლია. ვფიქრობთ მოთხოვნის გაზრდა ჩვენს ღვინოზე გამოიწვია თავდაუზოგავმა შრომამ. ყოველთვის ვცდილობთ ხარისხი დავხვეწოთ და მომხმარებელს შევთავაზოთ სუფთა და გემრიელი ღვინო. სურვილი გვაქვს ქართული მეთოდით დამზადებული ტრადიციული ქვევრის ღვინო გავხადოთ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ჩვენი მომხმარებლისთვის’’,- ამბობს agromedia.ge-სთან საუბრისას კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი ანა ტაბატაძე.
ანა ტაბატაძე აღნიშნავს, რომ ღვინოს ძველი ტრადიციული მეთოდით ქვევრში აყენებენ, რაც მის გემოვნურ თვისებებზე დადებითად აისახება. კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმიანობა 2015 წელს დაიწყეს, მათი პროდუქცია დროის მოკლე მონაკვეთში გახდა პოპულარული და როგორც ადგილობრივ ისე უცხოურ ბაზარზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ტაბატაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანია 5 სახეობის ღვინოს: ხიხვს, ქისს, მწვანეს, რქაწითელსა და საფერავს აწარმოებს.
,,ჩვენი მარნის ასაშენებლად ტერიტორია სპეციალურად შეირჩა ნიადაგის მიხედვით და აკმაყოფილებს იმ უნიკალურ მოთხოვნებს, რაც საჭიროა ქვევრისათვის. როგორც აღმოჩნდა ამ ადგილას უძველესი დროიდან არსებობდა მარანი, სადაც ღვინოს ქართული ტრადიციული წესით ამზადებდნენ. ტერიტორიის განახლების დროს გაწეული სამუშაობის შედეგად ნაპოვნია უძველესი ქვევრები, რომლებიც დათარიღებულია 1905 წლით. კომპანია აწარმოებს მხოლოდ ორგანულ ღვინოს და ღვინის დასამუშავებლად იყენებს მხოლოდ ბუნებრივ ტრადიციულ ქართულ მეთოდებს. გვაქვს 1 ჰექტარზე გაშენებული ვენახი, სადაც გვაქვს სხვადასხვა ვაზის ჯიში ჩაყრილი, ასევე ყურძენს ვიბარებთ მოსახლეობისგანაც’’,- აღნიშნავს agromedia.ge-სთან საუბრისას ანა ტაბატაძე.
ტაბატაძე ამბობს, რომ მათი მიზანი არა მხოლოდ მეღვინეობის პოპულარიზაცია, არამედ მევენახეობის ისტორიული პირვანდელი სახის შენარჩუნებაა. მისივე განმარტებით, ქვევრში ხარისხიანი ღვინის დავარგებისთვის საჭიროა ნიადაგის სწორად შერჩევა, რათა ღვინისა და თიხის ურთიერთქმედება სწორად წარიმართოს.
„ტრადიციულის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ასევე მიუთითებს, რომ ტრადიციული წესით დაყენებული ღვინის პოპულარიზაციისთვის სახელმწიფომ და მეწარმეებმა ერთობლივად უნდა იმუშავონ.
,,ვფიქრობთ, რომ ყურადღება უნდა მიექცეს ქართული პროდუქტის წარმოებას და ღვინის კომპანიებმა მომხმარებელს მეტწილად შესთავაზონ ქართული ტრადიციული წესით დაყენებული ღვინო, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. სწორედ ამიტომ საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებსა და გამოფენებში ვიღებთ აქტიურ მონაწილეობას, რომ გავაცნოთ ჩვენი ტრადიცია, კულტურა და ღვინის დაყენების უძველესი ტექნოლოგია ყველა მსურველს’’, – აცხადებს ტაბატაძე.
კომპანია სამომავლოდ წარმოების გაზრდას და მომხმარებლებისთვის ახალი სახეობის ღვინის შეთავაზებას გეგმავს.
მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი