როგორ მოვიყვანოთ კენკროვანი კულტურები?

ადგილობრივ ბაზარზე დღითიდღე იზრდება მოთხოვნილება კენკრის ნაყოფებსა და მისი გადამუშავების პროდუქტებზე. ისინი მდიდარია ჯანმრთელობისთვის საჭირო ვიტამინებით, ორგანული მჟავეებითა და ნახშირწყლებით, მინერალური მარილებით, შეიცავენ 600-მდე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.
ადგილმდებარეობის შერჩევას უდაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს საკითხი ჟოლოსა და მაყვლის გაშენებამდე წინასწარ უნდა იქნას გადაჭრილი. მათთვის ყველაზე უკეთესია ვაკე ადგილი 5-6 გრადუსის დაქანებით. აუცილებელია ნარგავების გარშემო იყოს ჰაერის სათანადო მოძრაობა, რომელიც ამცირებს ტენიანობას მცენარეთა გარშემო და ხელს უშლის ფოთლების დაავადების ხელშემწყობი პირობების შექმნას.
ჟოლო და მაყვალი მოითხოვს კარგად განათებულ მზიან ადგილს და ცუდად იტანს ჭარბტენიანობას. არასასურველი დრენაჟის პირობებში სასურველია შემაღლებული კვლების გაკეთება. ჩვენს პირობებში უკეთესია ჩრდილოეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის დაქანებები, რადგან სამხრეთის დაქანებებზე (განსაკუთრებით ცხელ რაიონებში) იგი სიცხისა და გვალვისაგან ზიანდება. ამ კულტურებისთვის კლასიკურად მიღებულია ზღვის დონიდან ბაღის გაშენება 600 დან 1500 მეტრამდე. ბაღის გაშენებამდე აუცილებელია ნიადაგის ანალიზის გაკეთება, რათა ზუსტად განისაზღვროს ნიადაგის დასაბალანსებლად აუცილებელი საკვები ელემენტების ოპტიმალური რაოდენობა. ამიტომ შერჩეული ნაკვეთის რამოდენიმე ადგილიდან უნდა შემოწმდეს ნიადაგის ნიმუშები. ეს აუცილებელია იმიტომ რომ ნიადაგთან დაკავშირებული პრობლემის გამოსწორება ყოველთვის უფრო ადვილია მცენარეების დარგვამდე.
რეკომენდებულია თითო ჰექტრიდან, სულ მცირე, 5 ნიმუშის აღება. ნიადაგის ნიმუშები უნდა შემოწმდეს-ნიადაგის არის რეაქცია (pH), მარილიანობაზე, მინერალებზე, მიკრო და მაკრო ელემენტებზე, მართალია კენკროვანი კულტურები ნაკლებად მგრძნობიარეა pH მიმართ, მაგრამ ისინი უფრო კარგად ვითარდება 6,0-6,5 PH ფარგლებში. ასევე ჟოლო და მაყვალი მგრძნობიარეა ნიადაგში მარილის შემცველობაზე, ეს კულტურები უნდა გაშენდეს ისეთ ნიადაგში, სადაც მარილის შემცველობა დაბალია.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ კულტურების დარგვა ნაკლებად სასურველია იმ ადგილებში სადაც წინა წელს პომიდორი, კარტოფილი ან წიწაკა იყო მოყვანილი, ვინაიდან ამან შეიძლება ახალგაზრდა მცენარეზე დაავადებების გავრცელებას შეუწყოს ხელი. ყველაზე უკეთეს წინამორბედ კულტურებად ითვლება მრავალწლიანი ბალახების ნარევი და სათოხნი კულტურები ნაკელის შეტანით. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ნაკვეთის სარეველებისაგან წინასწარ გასუფთავებას, რადგან გაშენების შემდეგ სარეველების სიჭარბე დიდ სირთულეებს ქმნის და მკვეთრად აქვეითებს მოსავლიანობას. დარგვა წარმოებს შემოდგომაზე, სავეგეტაციო პერიოდის დამთავრებიდან ფოთლების ცვენის პერიოდიდან თითქმის ყინვების დაწყებამდე, 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე (მთიანი რაიონების ჩათვლით) ან ადრე გაზაფხულზე 1 მარტიდან 15 აპრილამდე თუ ნიადაგი შესაფერის მდგომარეობაშია. კენკროვანები მგრძნობიარეა გვალვისადმი, ამიტომ ბაღის გაშენების დროს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს სარწყავი წყლის არსებობას. სარწყავი სისტემის მოწყობა აუცილებელია როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში. რეკომენდებულია სარწყავად გამოყენებულ იქნას წვეთოვანი სარწყავი სისტემა თავისი მრავალი დადებითი თვისების გამო. ყველა ტიპის ჟოლოსა და მაყვლისთვის საჭიროა საყრდენი სისტემა. საყრდენი სისტემა ზრდის მოვლის ოპერაციების-ეფექტიანობას, ხელს უწყობს გასხვლის, მცენარეთა დაცვისა და მოსავლის აღების პროცესების განხორციელებას. ჟოლოს და მაყვლის სიმწიფის ძირითადი მანიშნებელია ფერი. ნაყოფში შაქრის შემცველობა დაკრეფის შემდგომ არ იზრდება და დამწიფებამდე მოკრეფილ ნაყოფს უგემური არომატი ექნება. მკრეფავებს, როგორც წესი, ურიგებენ სატარებელ დაბალ ყუთს ან ლანგარს, საცალო ბაზარზე სარეალიზაციოდ ხილის შესანახი კონტეინერებით.მოკრეფის შემდეგ უნდა განხორციელდეს ნაყოფების რბილობის სწრაფი გაგრილება 0-1° C-მდე, რათა შენახვისუნარიანობა გაიზარდოს.
წყარო: https://ihow.ge/

კომენტარები

კომენტარი