მევენახეების მიერ ვაზის სწორად მოვლა მნიშვნელოვანია პროდუქტის ექსპორტზე გასატანად

მევენახეების უმეტესობა ვაზს არასწორად უვლის. სპეციალისტების ინფორმაციით, შესაძლოა მევენახემ ვენახის მოვლისას აგროქიმიკატები არ გამოიყენოს, მაგრამ დაბინძურებული წყლით მორწყვის გამო ბიოპროდუქტი ვერ აწარმოოს.
ექსპერტების განცხადებით, ეს ერთ-ერთი მიზეზია იმის, რომ ევროკავშირი ქართულ პროდუქციას არ იღებს როგორც ბიოპროდუქციას. ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს ექსპერტი, ტექნოპარკის ყოფილი დირექტორი გიორგი ზვიადაძე. მისი თქმით, თუ მევენახე ვენახს დაბინძურებული წყლით წამლის ან რწყავს, ამით მისი მოწამვლა ხდება.
,,ერთი ჰექტარზე გაშენებული ვენახის შეწამლისთვის ან მორწყვისთვის იყენებენ 1 ტონამდე წყალს, რომელსაც ძირითადად მდინარეებიდან იღებენ, სადაც წყალი ძალიან დაბინძურებულია, განსაკუთრებით სოფლად. ასევე, იყენებენ ქიმიურ პროდუქტებს და შემდეგ საუბრობენ რატომ არ იღებს ევროკავშირი პროდუქციას, როგორც ბიოპროდუქციას“, – ამბობს ზვიადაძე.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას წლებია ითხოვს. მევენახეები აცხადებენ, გვალვების დროს მათ არათუ სუფთა, მდინარის დაბინძურებული წყლით ვენახის მოწამვლის საშუალებაც არ აქვთ. ამბობენ, რომ სარწყავი წყლის პრობლემა წლებია აქვთ.
,,ვაზი რომ არ მოირწყას გახმება. რა შესაძლებლობაც გვაქვს იმას ვაკეთებთ. ბიოპროდუქციის წარმოება ძალიან რთულია. ვიცით, რომ სხვა ქვეყნის ბაზარზე პროდუქტის გატანას მოთხოვნების დაცვა სჭირდება, რისი შესაძლებლობაც არ გვაქვს”, – განუცხადა knews.ge-ს გურჯაანში მცხოვრებმა გოგია მაისურაძემ.
გია ხელაშვილი ვენახის მორწყვისთვის საჭირო წყალს დიდი მანქანებით ყიდულობს. იგი ირწმუნება, რომ ვენახს სუფთა წყლით რწყავს და წამლის.
,,სეზონზე როდესაც წყლის პრობლემაა, რამდენიმე ტონა წყალს ვყიდულობ. ისე ვუვლი ვაზს როგორც ჩემი წინაპრებისგან ვისწავლე. წყალი ვენახის მორწყვისას ან თუნდაც ცისფერი წამლობის დროს სუფთა უნდა იყოს და არა ტალახიანი. ასეთი წყლით ვაზის შეწამვლას აზრი არ აქვს. კარგი იქნება თუ სარწყავი არხების პრობლემა მოგვარდება,” – განაცხადა გია ხელაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მცხოვრებ გიორგი ალადაშვილს ვენახი 2 ჰექტარზე აქვს გაშენებული, რომელსაც ბიოდინამიური მეთოდით ამუშავებს. ის ვენახს ათამდე სხვადასხვა სახეობის მცენარის ნახარშისგან დამზადებულ ხსნარით წამლის. მეწარმე ვაზის მოვლის დროს აგროქიმიკატებს არ იყენებს. მისი განმარტებით, პესტიციდები დროთა განმავლობაში ვაზს აზიანებს, ღვინოს გემოს უკარგავს და მიწას აბინძურებს.
,,მიწას ვუვლი სასუქებით, რადგან ის მოსავლიანია და არანაირი აგროქიმიკატის გამოყენება არ არის საჭირო. ვიყენებთ ბალახის ნაყენებს და ამ სპილენძის შემცველი ხსნარის გამოყენებაც მინიმალურ დონეზე დაგვყავს. მოვიხმართ შრატის ნადუღს, ტირიფის და მუხის ქერქის ნაყენს, ხახვის ფოჩის ნაყენს, სვიტას (ე.წ ,,ჯორისძუა“) ჭინჭრის ნაყენს, გვიმრის და ნივრის ნაყენს და ასევე იმ კომპოსტებს, რომლებიც ერთმანეთთან შეთავსებით იძლევა ძალიან კარგ შედეგს. მიწა და ვაზი თუ არ იქნება ძლიერი, მოსავალს ვერ მიიღებ. თუ მევენახემ რამე დააკლო და ვაზის მოვლის ჯაჭვი დაარღვია, ყურძენი კარგავს იმ ხარისხს და არომატს, რაც უნდა ჰქონდეს. რაც მეტად ბუნებრივად, ყოველგვარი აგროქიმიკატების გარეშე მოგყავს მოსავალი, უფრო ხარისხიანია და გემრიელი,“ – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ალადაშვილმა.
მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი