სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხვრების ვაქცინაცია დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წვრილფეხა პირუტყვის, მათ შორის ცხვრის ვაქცინაცია, დაიწყო.
როგორც agromedia.ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, პრევენციული და სავალდებულო ვაქცინაცია ხორციელდება ისეთი ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ, როგორებიცაა თურქული, ჯილეხი, ცხვრისა და თხის ყვავილი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებას.
„სახელმწიფოს მიერ ასევე ხორციელდება დიაგნოსტიკური კვლევები ცხოველთა საშიში ინფექციური დაავადებების დროულად გამოვლენის და შემდგომი რეაგირების მიზნით.
დარგის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის ჩამოყალიბება, რაც საერთაშორისო მხარდაჭერით ხორციელდება. ცხოველების აღრიცხვიანობა მიკვლევადობას, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვას და ვეტერინარულ კეთილსაიმედოობას უზრუნველყოფს. ცხვრის დაავადებების პრევენციის და შემცირების ერთ-ერთი წინაპირობაა პირუტყვის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა სეზონურ საძოვრებზე გადაადგილებისას. კახეთის რეგიონში ცხოველთა გადასარეკი ტრასების საკვანძო ადგილებში აშენდა და მოეწყო ვეტერინარული ზედამხედველობის (ბიოუსაფრთხოების) უახლესი სტანდარტების პუნქტები. ბიოუსაფრთხოების პუნქტებში სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ახორციელებენ პირუტყვის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას და პარაზიტებზე დამუშავებას. აღნიშნული ღონისძიებები უზრუნველყოფს ინფექციებისა და ინვაზიების გადატანა-გავრცელების თავიდან აცილებას“, – განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი