თელავში ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნება

თელავის მუნიციპალიტეტში, აჩინებულში, ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდება. საწარმოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად ხვალ გახსნის.
როგორც agromedia.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შპს „აჩინებული“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. უწყების ინფორმაციით, საწარმოს შექმნის ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში განხორციელდა.
“საწარმოში ჯამურად 2 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 975 402 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 632 835 ლარი სახელმწიფოს მიერ გაცმეული გრანტი. საწარმოში წელიწადში 500 000 ლიტრზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხილის წვენების წარმოება იგეგმება. პროდუქციის რეალიზაცია პირველ ეტაპზე გათვლილია ადგილობრივი ბაზრისთვის, მომავალში იგეგმება მისი ექსპორტზე გატანაც. საწარმოში მუდმივად 25 ადამიანია დასაქმებული ხოლო სეზონურად ემატება 8-10 ადამიანი. კომპანიაში 2018 წლის ბოლომდე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22:000 დაინერგება”, – განაცხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი