წელს ყურძენს 100-ზე მეტი საწარმო ჩაიბარებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ყურძენს 100-ზე მეტი საწარმო ჩაიბარებს. უწყებაში განმარტავენ,რომ მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, 2018 წლის რთველი ჩატარდება სრულად საბაზრო პირობებში და ეს იქნება ბოლო 10 წლის მანძილზე პირველი რთველი, როდესაც სახელწიფო სრულად გამოდის ყურძნის სუბსიდირების რეჟიმიდან.
“მთავრობა ასრულებს დანაპირებს და უარს ამბობს სუბსიდიის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის დანახარჯებზე მეღვინეობის დარგში, რომელიც ბოლო წლებში განხორციელებული სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში გახდა ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული დარგი. ამაზე მიუთითებს გაზრდილი ექსპორტი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების მზარდი სტატისტიკა, ასევე ქართული ღვინის წარმატებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებსა და კონკურსებში. გასული წლების მსგავსად, რთველის-2018-ის პროცესში შეიქმნება რთველის საკოორდინაციო შტაბი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა სამინისტროების, ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) წარმომადგენლების შემადგენლობით. საკოორდინაციო შტაბის ფუნქცია იქნება რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობა, აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფა, რაც ხარისხიანი პროდუქციის წარმოების საწინდარია.
მიმდინარე წელს ყურძენს 100-ზე მეტი საწარმო ჩაიბარებს და ჩაბარებული ყურძნის აღრიცხვა მოხდება ერთიანი ელექტრონული აღრიცხვის სისტემის საფუძველზე, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2013 წლიდან დანერგა. რთველის მიმდინარეობის დროს 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს რთველის საკოორდინაციო შტაბი და ცხელი ხაზი (1501). ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები იქნებიან ამპელოგრაფები”, – განაცხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი