კომპანია შირაქი ბიო ფქვილისა და ღვინის წარმოებას გეგმავს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე კომპანია ,,შირაქი” ბიო ფქვილის და ღვინოს წარმოებას იწყებს. კომპანია ამჟამად რძის პროდუქტებს აწარმოებს. “შირაქის” დირექტორი ნიკოლოზ ბენიაიძე განმარტავს, რომ ბიო პროდუქტი ქართულ ბაზარზე მალე გამოჩნდება.
„ბიო ფქვილის წარმოება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მინდა, ნატურალური და ხარისხიანი პროდუქტი მივაწოდო მომხმარებელს. მაქვს რესურსი, რომ ბაზარზე დაახლოებით 100 ტონაზე მეტი ფქვილი გამოვიდეს. 20 წელია, რაც უცხოეთში დავდივარ და ვსწავლობ, როგორ შეიძლება ბიო პროდუქციის წარმოება. ახლა ვამოწმებთ, შეიძლება თუ არა ბიო ფქვილით პურის თუ სხვა პროდუქტების გამოცხობა. თუ დააკმაყოფილა მოთხოვნები, პროდუქციას ბაზარზე ძალიან მალე გამოვუშვებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ ბენიანიძემ.
ფქვილის გარდა, კომპანია ბიო ღვინის წარმოებასაც გეგმავს.
„მაქვს საფერავი და რქაწითელი. რესტავრაცია ჩავუტარე სამასი წლის ქვევრებს, 9 ქვევრი მქონდა, შევიძინე კიდევ 25 ქვევრი და მზად ვარ, პროდუქცია ვაწარმოო. ვფიქრობ, რომ პროდუქციას როგორც ქართულ ადგილობრივ ისე უცხო ქვეყნების ბაზარზე გავყიდით. მომავალ წელს ამ დროისთვის 50 000 ბოთლი ქვევრის ღვინო მექნება სარეალიზაციოდ გამზადებული. არ არის რთული საქართველოს ბიო მიმართულებით განვითარება. ამას პოლიტიკური ნება და სწორი მიმართულება სჭირდება”, – აღნიშნა ბენიაიძემ.
მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი