“თუშური გუდისა“ და “სულგუნის” ხელახალი რეგისტრაცია იგეგმება

,,ელკანას“ დირექტორის, მარიამ ჯორჯაძის ინფორმაციით, ტრადიციული თუშური გუდის ყველისა და სულგუნის წარმოების სპეციფიკაციების განსაზღვრის მიზნით ხელახალი რეგისტრაცია იგეგმება. მისი თქმით, დღეისთვის ორივე პროდუქტი რეგისტრირებულია როგორც გეოგრაფიულ აღნიშვნად, სამომავლოდ კი გათვალისწინებულია ,,თუშური გუდის“ გეოგრაფიული ადგილწარმოშობის დასახელებად რეგისტრაცია, ხოლო ,,სულგუნის“, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის ხელახალი რეგისტრაცია.
“არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც აუცილებელია, რომ თუშური გუდისა და სულგუნის რეგისტრაციის დროს იყოს გათვალისწინებული. ერთ-ერთი ასეთი საკითხია წარმოების ის ტრადიციული წესები, რომელიც მეწარმემ აუცილებელიდ უნდა დაიცვას, რომ ხარისხიანი პროდუქტი მიიღოს. დღევანდელი რეგულაციით კი რიგი საკითხები კანონგარეშეა. მაგალითად, ყველის გუდაში დამზადება სახელმწიფოს მიერ უვნებელად არ არის აღარებული, ანუ გუდა იმ ჭურჭლის ჩამონათვალში არ არის, რომელიც სასურსათოდ უვნებელია. ეს საკითხები საჭიროებს მოგვარებას, რადგან როდესაც მეწარმესთან შემოწმებაზე მივლენ, არ აუკრძალოს მას წარმოება. ანუ, დღეისათვის არ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც ამ ტრადიციული პროდუქციის წარმოების შესაძლებლობებს განსაზღვრავს. ასევე საუბარია ხის ინვენტარის გამოყენებაზე, რომელიც სურსათის უვნებლობის თანახმად არ არის უვნებელი, მაგრამ თუშური გუდის ყველის შემთხვევაში, არ შეიძლება მისი ლითონზე გადაზელვა, რადგან ის სწრაფად ცივდება და შეუძლებელია იმ ტემპერატურის უზრუნველყოფა, რაც ტრადიციული წესით ამ პროდუქტის დამზადებისთვის საჭიროა, რომელიც თავისი არსებობის ასეულ წლებს ითვლის“, – განაცხადა მარიამ ჯორჯაძემ.
მისივე განმარტებით, სწორედ აღნიშნული კანონმდებლობის შექმნაზე მუშაობენ დღეს სახელმწიფოს დაკვეთით FAO-ს ექსპერტები. სამუშაო პროცესში ასევე ჩართული არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ,,საქპატენტი“ და ,,ელკანა“.
“უცხოელი ექსპერტები მუშაობენ, როგორც გუდის ყველის, ასევე სულგუნის, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნების სპეციფიკაციების ზუსტ ფორმულირებაზე. ასევე გაკეთდება სახელმძღვანელო დოკუმენტი ამ პროდუქტების სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით, რამდენადაც ხშირ შემთხვევაში უვნებლობის საკითხები საკმაოდ პრობლემატურია ჩვენთან“ – აღნიშნა მარიამ ჯორჯაძემ.
“ელკანას“ ხელმძღვანნელის ინფორმაციით, ამჟამად დამკვდიდრებული “თუშური გუდის ყველის“ ნაცვლად სამომავლოდ ის აღინიშნება, როგორც ,,თუშური გუდა“ და მოიცავს როგორც ცხვრის, ასევე შერეულ და ძროხის ყველს. პროდუქტი მხოლოდ თუშეთის მაღალ მთიანეთში უნდა იყოს დამზადებული, გეოგრაფიულად შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე და ზაფხულის პერიოდში.
მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი