აგროდაზღვევის პროგრამას 2019 წლიდან სავარაუდოდ ორი ახალი კომპონენტი დაემატება

აგროდაზღვევის პროგრამას რამდენიმე თვეში შესაძლოა ორი ახალი კომპონენტი დაემატოს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტების მენეჯერი ნატალია ხარატიშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანიებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა და 2018 ან ყველა შემთხვევაში 2019 წლიდან აგროდაზღვევის პროდუქტებს ნერგების და ძროხის დაზღვევა დაემატება.
„ჩვენ დღეს ვაზღვევთ ხილს, რომელიც მსხმოიარეობაშია შესული და არ ვაზღვევთ ნერგებს. სადაზღვევო ინდუსტრიის თხოვნა იყო დასახელებული კომპონენტების დამატება. საწყის ეტაპზე იგეგმება ძროხების დაზღვევაც, რადგან თუ საქონელი არ არის პასპორტიზირებული, ვერ დავაზღვევთ ისეთ ცხოველს. დღეს მხოლოდ ძროხებია სრულად პასპორტიზირებული“, – აცხადებს ხარატიშვილი.
კახელი ფერმერები სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინიციატივას დადებითად აფასებენ, თუმცა აგროდაზღვევის პროგრამაში დამატებით ახალი კომპონენტების შეტანას ითხოვენ.
“კარგია, რომ ნერგებისა და ძროხების დაზღვევა დაამატეს. ეს დიდი შეღავათი იქნება ჩვენთვის, მაგრამ აუცილებელია ყველა შინაური ცხოველი დაემატოს. მაგალითად ქათმებს ხშირად ჭამს მტაცებელი ან ისეთი დაავადება შეხვდება, რომ დიდი ნაწილი იხოცება”, – ამბობს agromedia.ge-სთან საუბრისას თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრები ავთანდილ უთალიშვილი.
ფერმერების ნაწილი კი ითხოვს, რომ აგროდაზღვევის პროგრამით ისარგებლონ იმათ, რომლებსაც მოსავალი არარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მოჰყავთ.
“ძალიან ბევრ ფერმერს მოჰყავს მოსავალი არარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. ჩვენ ეხლაღა გავიგეთ, რომ ცვლილებები უნდა შევიდეს და ვეღარ დაეზღვევიან ის ფერმერები, რომლებსაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული არ აქვთ. თუ ამას გეგმავდა სახელმწიფო, ცოტა დრო მაინც უნდა მიეცა რომ მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება ფერმერებს მოესწროთ”, – აღნიშნავს agromedia.ge-სთან საუბრისას გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნიკოლოზ გილიგაშვილი.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტების მენეჯერის, ნატალია ხარატიშვილის ინფორმაციით, 2018 წლის აპრილ-ივნისში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 9 335 პოლისია გაცემული, რაც გასულ წელთან შედარებით 39%-ითაა შემცირებული. მისივე თქმით, ბენეფიციართა რაოდენობის კლება მიწის რეფორმამ განაპირობა, რომლის ფარგლებშიც დაურეგისტრირებელი მიწა დაზღვევას აღარ ექვემდებარება.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში 7 სადაზღვევო კომპანია: ”ჯიპიაი ჰოლდინგი” , „ალდაგი”, „აისი ჯგუფი”, არდი, ალფა, თიბისი დაზღვევა და საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ჩაერთო. აგროდაზღვევის პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მოსავლის დაზღვევას სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან ყველა კულტურაზე – 70%-ით, ხოლო ვაზზე – 50%-ით.
აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი