ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, ფერმერთა მხრიდან დაინტერესება ძალიან მაღალია და პირველივე დღეს ათეულობით ფერმერი დარეგისტრირდა ბაზაში. პროექტის ბიუჯეტი 1 300 000 ლარს შეადგენს და მისი პირველი ეტაპის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებულ პირთა აღრიცხვა, რაც შექმნის მნიშვნელოვან საინფორმაციო ბაზას და გააჩენს შესაძლებლობას მიზნობრივი და სხვადასხვა მასტიმულირებელი პროექტის განხორციელებისთვის სამიზნე ჯგუფები სწორად შერჩევას.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტი თანხვედრაშია ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD II-ის) შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულების შესრულებასთან. აღნიშნული ვალდებულება ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით, არაუგვიანეს 2018 წლისა, ფერმათა/ფერმერთა რეესტრში 100 000-მდე ფერმის/ფერმერის რეგისტრაციას. ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის განხორციელების მიზნით, სააგენტოს პირველადი ინფორმაცია მიაწოდეს სახელმწიფო სააგენტოებმა და ორგანიზაციებმა, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა სახის ბაზა. მოძიებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტო ახორციელებს ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებელი პირების იდენტიფიცირებასა და კლასიფიკაციას. სააგენტო მიღებულ ინფორმაციას გადაამოწმებს, დააზუსტებს და შემოდგომ დაადასტურებს სატელეფონო გამოკითხვის გზით. პირველ ეტაპზე ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებლად დაუკავშირდებიან მხოლოდ ისეთ პირებთან, რომელთაც რეგისტრირებულ საკუთრებაში/სარგებლობაში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელთა ჯამური ფართობი შეადგენს არანაკლებ 0,25 ჰექტარს და ამავდროულად არიან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო პროექტის/პროგრამის ბენეფიციარები ან სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო მომსახურებით“, – განუცხადეს agromedia.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი