ახმეტაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მომაკვდინებელი დაავადება გავრცელდა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს ხეობის სოფლებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მომაკვდინებელი დაავადება ნოდულარული (კვანძოვანი) დერმატიტი. ის ვირუსული დაავადებაა. ილტოს ხეობის სოფელ ჭართალაში მცხოვრებმა მიხეილ ღანიშაშვილმა დახმარებისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალურ სამმართველოს მიმართა და ძროხების აცრა სთხოვა. ღანიშაშვილის მტკიცებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ძროხების ვაქცინაციაზე უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ სოფელში საკმარისი რაოდენობის პირუტყვი არ არის.
„ნოდურალური დერმატიტით ილტოს ხეობაში ბევრი ძროხაა დაავადებული. ეს დაავადება ჩემს ორი ძროხასაც (მეწველი და ბოჩოლა) შეხვდა. მაშინვე ვეტექიმს მივმართე. საკმაოდ ძვირადღირებული წამლები ვიყიდე და დაავადებულ პირიტყვს აცრები ჩავუტარეთ. ნამკურნალევმა საქონელმა ცოტათი მოიხედა. გადავწყვიტე დანარჩენი ძროხებიც ამეცრა, გავიგე, რომ უფასო ვაქცინაციის პროგრამა მოქმედებს და მივმართე სურსათის ეროვნულ სააგენტოს, მაგრამ იქ მითხრეს, რომ ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოვალთ თქვენთან, თუ სოფელში არანაკლებ 50 სული ძროხაა და თანაც ყველა მათგანის პატრონი თანახმა იქნება ვაქცინაციაზე (ვაქცინა მაკე ძროხას აბერწებს), ამიტომ ჯერ უნდა წახვიდეთ, ძროხების ყველა მეპატრონე მოიაროთ, შეუთანხმდეთ და დაგვიზუსტოთ სულადობა. ამდენი ძროხა რომ არ მოგროვდეს, ამიტომ სახელმწიფო პროგრამის გარეშე უნდა დავრჩე და საქონელი დამეხოცოს მეთქი? ეგ ჩვენი პრობლემა არ არისო, მშვიდად მიპასუხეს“, – ამბობს მიხეილ ღანიშაშვილი.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ნოდულარული (კვანძოვანი) დერმატიტის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს ყველა იმ სოფელში და დასახლებულ პუნქტში, სადაც აღნიშნული დაავადების რისკი არსებობს.
„ჩვენი წარმომადგენლები სოფლების მიხედვით ახორციელებენ საქონლის ვაქცინაციას. საქონლის კონკრეტულ რაოდენობაზე დამოკიდებული არ არის. ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც არსებობს ამ დაავადების გავრცელების რისკი, მიმდინარეობს პროფილაქტიკური ვაქცინაცია. თუ ფერმერი ამ ან მსგავსი პრობლემით მიმართავს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ჩვენი წარმომადგენლები ინიშნავენ მუნიციპალიტეტს და შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ. რომელიმე დასახლებულ პუნქტში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვაქცინაცია საქონლის კონკრეტულ რაოდენობაზე დამოკიდებული არ არის“, – განუცახდეს agromedia.ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
სპეცისლისტების განმარტებით, ნოდულარული დერმატიტი მსხვილფეხა პირუტყვის ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცხელებით და კანქვეშა კვანძების წარმოქმნით. საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი. ნოდულარული დერმატიტით ავადდება მხოლოდ მსხვილფეხა პირუტყვი. საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის პროფკავშირთა ექსპერტი თამაზ ბურდულაძე ამბობს, რომ ამ დაავადებით ინფიცირებულ ცხოველს მეორადი ინფექციების თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია დაენიშნოს ანტიბიოტიკებით მკურნალობა.
„ნოდულარული დერმატიტით დაავადებული ცხოველის სპეციალური მკურნალობა არ არსებობს. ეს არის ვირუსული დაავადება. ანტიბიოტიკებით უტარებენ ცხოველს მკურნალობას. თუ ეს დაავადება შეხვდა ცხოველს, სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ფერმერმა ცხოველს უნდა შეუქმნას კარგი მოვლა-შენახვის
პირობები და უაცილებლად დაუკავშირდეს ვეტერინარ ექიმს“, – აღნიშნავს agromedia.ge-სთან საუბრისას თამაზ ბურდულაძე.
ბურდულაძე ფერმერებს ასევე ურჩევს, წლის ცხელ სეზონზე ცხოველები და მათი სადგომები ინსექტოაკარიციდებით დაამუშაონ. თამაზ ბურდილაძე მიუთითებს, რომ საქონელში დაავადების შემთხვევის გამოვლენისას აუცილებელია ცხოველის იზოლაცია, მკვდარი საქონლის გაუვნებლობა (დაწვა, დამარხვა), შენობების და ინვენტარის დეზინფექცია.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი