ზოიას საკონდიტრო

ტკბილეულის მომზადება ბავშვობიდან მიყვარდა, თუმცა ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ეს ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო გახდებოდა. საკონდიტრო ნაწარმს ჯერ მხოლოდ ახლობლებს და მეზობლებს ვუკეთებდი, შედეგი კი თანდათანობით მოვიდა, როცა კმაყოფილი მყიდველი ხელმეორედ ბრუნდებოდა უკან და სხვასაც გადასცემდა თავის დადებით ემოციას. თანდათან მივხვდი რამდენად სასიამოვნო იყო ჩემთვის ეს საქმიანობა, რადგან ტორტის გაფორმება, ჩემი შემოქმედებითი უნარების წყალობით, კიდევ უფრო აზარტული გახდა. ხატვის ნიჭის წყალობით პირდაპირ ტორტებზე ხატვა დავიწყე და ამ ფაქტმა ჩემი პროდუქციის მომხმარებლის ერთი-ორად გაზრდა განაპირობა…
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მომეცა შესაძლებლობა დამატებითი შემოსავალი ძირითად საქმიანობად მექცია. ამ პროგრამის ფარგლებში დავწერე პროექტი და საკონდიტროსთვის აუცილებელი დანადგარები შევიძინე, შედეგად უკვე შევძელი ჩემს სოფელში არსებული სავაჭრო ობიექტების და სუპერმარკეტების ტკბილეული ნაწარმით მომარაგება. თუმცა ეს ყველაფერი არც ისე მარტივი მისაღწევია… სამწუხაროდ არსებობს მთელი რიგი დაბრკოლებები: კონკურენცია და კონკურენტი პროდუქციის დაბალი საბაზრო ღირებულება, მიწოდების და დისტრიბუციის სერვისი, რეკლამირება და შეფუთვა, ფართის ქირავნობა. ეს ყველაფერი კი არც ისე დაბალ ხარჯებთანაა დაკავშირებული…
მაღალი კონკურენციის პირობებში გადავწყვიტე აქცენტი მხოლოდ ნატურალურ და მაღალი ხარისხის ნედლეულზე გამეკეთებინა, სოფელში ცხოვრებაც ხელს მიწყობს ამ გადაწყვეტილების მიღწევაში, რადგან ხელმისაწვდომია ტკბილეულის მოსამზადებლად საჭირო ახალი და ნატურალური ნედლეული – რძე, მაწონი, კარაქი, კვერცხი, ხილი …
– რაც შეეხება ხილს… წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ დამანახა ხილით გაფორმებული ტორტები როგორი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით და ვიზუალით ხასიათდება, თან ამავდროულად მოთხოვნადიცაა, ამიტომ გადავწყვიტე თავად გამეშენებინა კენკროვანი კულტურების ბაღი. წელს ჟოლოს და მარწყვის პირველი მოსავალი მივიღე, უკვე ორი თვეა ჩემი საკონდიტრო – ხილის ტორტების შეკვეთებს აქტიურად იღებს, აგვისტოდან მაყვალიც პირველ მოსავალს მომცემს… მომავალ წელს ვაპირებ მოცხარი, მოცვი და ხურტკმელიც შევმატო მენიუს… ისე რომ მთელი წელი ახალი მოკრეფილი და ეკოლოგიურად სუფთა – ჩემი კენკროვანი ბაღის ხილით გაფორმებული ტორტების მრავალფეროვნებას შევთავაზებ მომხმარებელს…
საკონდიტრო საცხობი სახლში მაქვს გაკეთებული და ამ ეტაპზე ძირითად აქცენტს მიმდებარე სოფლებში მდებარე სავაჭრო ობიექტების მომარაგებაზე ვაკეთებ, ასევე ვიღებ პირად შეკვეთებსაც, ვაპირებ კიდევ უფრო გავფართოვდე და რამდენიმე წელიწადში, მაღაზიების მომარაგებასთან ერთად, ჩემს სოფელში საკუთარი საკონდიტრო კაფე-მაღაზია გავხსნა, სადაც მინდა ისეთი სასიამოვნო ინტერიერი და აურა შევქმნა, იქ მოსულ მომხმარებელს დასვენება და მისი საყვარელი გემრიელი ნუგბარის დაგემოვნება რომ შეეძლება.
კონდიტერი ზოია წიწილაშვილი

კომენტარები

კომენტარი