ყვარელში ღვინის ახალი საწარმო გაიხსნა

შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ღვინის ახალი საწარმო „აგრიდა“ გაიხსნა. „აგრიდას“ ხელმძღვანელის, გურამ მინდიაშვილს ინფორმაციით, საწარმოო მიმდინარე წლის რთველის პროცესში ჩაერთვება და გადაამუშავებს როგორც საკუთარი ვენახებიდან მოწეულ, ასევე მოსახლეობისგან ჩაბარებულ ყურძენს. “აგრიდა” ფლობს 23 ჰექტარ ვენახს. მინდიაშვილი აღნიშნავს, რომ იგეგმება როგორც ქვევრში დაყენებული ისე კლასიკური მეთოდით დამზადებული ღვინის წარმოებას.
“ვგეგმავთ, როგორც ქვევრში დაყენებული, ისე კლასიკური მეთოდით დამზადებული ღვინოების წარმოებას. მისი წარმადობა წელიწადში 1,5 მლნ ბოთლია”, – განუცხადა agromedia.ge-ს გურამ მინდიაშვილმა.
გურამ მინდიაშვილი მიუთითებს, რომ კომპანიის პრიორიტეტი იქნება პროდუქციის ექსპორტზე გატანა. “აგრიდა” ღვინის ტურიზმის განვითარების მიმართულებითაც აპირებს მუშაობას.
“ღვინო გააიყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე. საწარმოში სეზონურად 50-მდე ადამიანი დასაქმდება. ვგეგმავთ, რომ განვავვითაროთ ღვინის ტურიზმი”, – აღნიშნავს გურამ მინდიაშვილი.
საწარმოს გახსნას, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელიც დაესწრო. დანდრო ასლანიშვილი აცხადებს, რომ გაზრდილი ღვინის ექსპორტი და დივესრიფიცირებული ბაზრები, საქართველოში ახალი ღვინის საწარმოების შექმნის საფუძველს ქმნის.
“ამ დროისთვის, საქართველოში ღვინის 500-მდე კომპანიაა, რომელთაგან 250-ს ღვინო ექსპორტზე გააქვს. სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია და აღარ საჭიროებს სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერას. მისასალმებელია, რომ კიდევ ერთი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც მიმდინარე რთველის პროცესში ჩართვას და მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვას გეგმავს,“ – ამბობს ანდრო ასლანიშვილი.
საწარმო „აგრიდა“ შეიქმნა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულებამ 1,2 მლნ ლარი შეადგინა.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი