“აგროქიზიყმა” თივისა და სილოსის მობილური ლაბორატორია შეიძინა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე კომბინირებული საკვების მწარმოებელმა კომპანია “აგროქიზიყმა” თივისა და სილოსის მობილური ლაბორატორია შეიძინა. კომპანიის ხელმძღვანელის, ბექა გონაშვილის ინფორმაციით, ორგანიზაცია ფლობს მობილურ ლაბორატორიას, რომელიც იძლევა საშუალებას, წამებში გაიზომოს სილოსისა და თივის მაჩვენებლები.
“მობილური ლაბორატორია X-Nir, ადგენს თივისა და სილოსის ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა: პროტეინი, ტენიანობა, უჯრედანა, ცხიმი და ნაცარი. მონაცემების ანალიზი მნიშნელოვანია საქონლის უხეში საკვების ხარისხის კონტროლისა და რაციონის შედგენისთვის. პროფესიონალურად შედგენილი რაციონი ფერმის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია. კარგად დაგეგმილი პირუტყვის კვება ფერმერს ხარჯების ოპტიმიზაციისა და მოგების ზრდის საშუალებას აძლევს”, – განუცხადა agromedia.ge-ს ბექა გონაშვილმა.
“აგროქიზიყი” მეხორცული მიმართულების ღია ტიპის ფერმის მოწყობასაც გეგმავს. პროექტის მიზანი ფინანსური სარგებლის გარდა, ფერმერთა ცნობიერების დონის ამაღლება და მეხორცული პირუტყვის გამოზრდაში უკეთესი შედეგების მისაღწევად ახალი მეთოდების მოძიება იქნება.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი