კახეთში რთველი დაიწყო

კახეთის რეგიონში რთველი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, წელს ღვინის კომპანიები რქაწითელს 70 თეთრად, ხოლო საფერავს 1,50 თეთრად ჩაიბარებენ. რთველის დაწყების პროცესს სოფელ სამთაწყაროში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო. ლევან დავითაშვილის განცხადებით, დივერსიფიცირებული ბაზრები, ღვინის გაზრდილი ექსპორტი და არსებული საწარმოების რაოდენობა რთველის წარმატებით და ორგანიზებულად ჩატარების საფუძველს იძლევა. მინიტრის განცხადებით, წელს რთველი სუბსიდირების გარეშე ჩატარდება, რადგან ამისი საჭიროება აღარ არსებობს. დავითაშვილი ვარაუდობს, რომ წელს ყურძნის რეკორდულ მოსავალი იქნება.
„ტრადიციულად რთველი კახეთში დედოფლისწყარდან იწყება. ვიყავით სოფელ სამთაწყაროში, სადაც გავეცანით არსებულ სიტუაციას და ვნახეთ, რომ კარგი მოსავალია. წელს რეკორდულ მოსავალს, 150 000 ტონაზე მეტი ყურძნის მოსავლის გადამუშავდება იგეგმება. ვფიქრობთ, ჯანსაღია მოთხოვნა ყურძენზე და მევენახეებისთვისაც ფასები მისაღებია. ბოლო 10 წლის მანძილზე ეს იქნება პირველი არასუბსიდირებული რთველი, რომელიც ვფიქრობთ წარმატებულად ჩაივლის. მეწარმეები და მევენახეები კი თავად შეთანხმდებიან ფასზე ყურძნის ხარისხისა და კონდიციიდან გამომდინარე“,- განუცხადა agromedia.ge-ს ლევან დავითაშვილმა.
რთველის საკოორდინაციო შტაბი თელავში 20 აგვისტოს გაიხსნა. ამ დროისთვის შტაბში დარეგისტრირებულია 80 კომპანია, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის, ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, ღვინის 23 საწარმო უკვე ჩართულია რთველის პროცესში და ამ ეტაპისთვის გადამუშავებულია 5 ათასამდე ტონა ყურძენი.
,,რთველის საკოორდინაციო შტაბი აქტიურად მუშაობს, პარალელურად იზრდება იმ მარნების რიცხვიც, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, მიიღონ ყურძენი. ამავე დროს შტაბი აქტიურად მუშაობს, ხდება მოპოვება და გადამუშავება ინფორმაციის, რომელიც დაკავშირებულია თვითოეული ქარხნის მიერ ჯიშების მიხედვით ყურძნის მიღების საკითხთან დაკავშირებით. ასევე აღსანიშნავია, რომ დიდი ყურადღება ექცევა ადგილწარმოშობის ზონებში მოყვანილ ყურძენს და ამ შემთხვევაში პროცესს უნდა დაესწროს შტაბის წარმომადგენელი, რომელიც ამას აღრიცხავს. რაც შეეხება ყურძნის გადამუშავების პროცესს, დღეის მდგომარეობით 5 000 ტონა ყურძენია უკვე გადამუშავებული. ველოდებით, რომ გაიზრდება იმ კომპანიების რიცხვი, რომლებსაც აქვთ სურვილი, ჩაერთონ წელს ამ პროცესში. დღეისთვის დარეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა 75-ია და ვფიქრობთ, რომ მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება,’’- აღნიშნა agromedia.ge-სთან საუბრისას ანდრო ასლანიშვილმა.
მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი