გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის მეღვინეობის სკოლა გაიხსნება

კავკასიის უნივერსიტეტი გურჯაანში მეღვინეობის სკოლის გახსნას გეგმავს. უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტებს 2020 წლისთვის მიიღებს. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინფორმაციით, თავდაპირველად მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტი ჩამოყალიბდება, შემდეგ კი სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვა სპეციალობებიც დაემატება.
“კავკასიის უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, გურჯაანში გახსნას მევენახეობა-მეღვინეობის სკოლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ლექციებს სტუდენტებისთვის თბილისიდან და უცხოეთიდან მოწვეული ლექტორები ჩაატარებენ. ღვინის სკოლა მხოლოდ თავისუფალ უნივერსიტეტს აქვს, რომელიც თბილისშია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სკოლის გახსნა რეგიონში, რადგან მეღვინეობა-მევენახეობის მხარეა კახეთი და აქ უნდა იყოს აგრარული უნივერსიტეტი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადგილების შერჩევა, სად გადაწყდება უნივერსიტეტის მშენებლობა. 2020 წლის შემოდგომიდან მეღვინეობის სკოლა სტუდენტებს მიიღებს მთელი საქართველოდან”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გურჯაანის მეღვინეობის სკოლაში სწავლის მსურველებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბარონ.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი