გურჯაანში ღვინის ქარხნებთან რიგებია

გურჯაანში ღვინის ქარხნებთან რიგებია. მევენახეების თქმით, რიგში მეორე დღეა დგანან.
სააგენტო ,,ipress”-ის ინფორმაციით, ყვარელში ღვინის კომპანიებმა ყურძნის მიღება შეაჩერეს, ამიტომ დაკრეფილი მოსავლის წაღება გურჯაანში მოუწიათ.
“განსაკუთრებული არაფერი ხდება. რთველის დროს რიგები საწარმოებთან ჩვეულებრივი მოვლენაა. როცა კონკრეტული კომპანია დიდი რაოდენობით ყურძენს იღებს და გადავსება ხდება, აჩერებს მიღებას და პროცესში სხვა ქარხანა ერთვება. რთველი აქტიურ ფაზაშია შესული და ქარხნებთან მანქანების ნაკადი ბუნებრივია”, – განაცხადეს “რთველი 2018” ის საკოორდინაციო შტაბში.
„ღვინის ეროვნულ სააგენტოში“ აცხადებენ, რომ მევენახეებს მხოლოდ რამდენიმე საათი მოუწიათ რიგში დგომა, რაც აქტიური რთველისთვის დამახასიათებელი, ჩვეულებრივი მოვლენაა. ყურძნის ჩაბარების შესაძლებლობა ყველა მევენახეს მიეცა.
„7 სექტემბერს, კახეთის მასშტაბით რთველის პროცესში ჩართული იყო 50 კომპანია. კერძოდ, გურჯაანში – 16, თელავში – 16, ყვარელში – 10, ახმეტაში – 3, დედოფლისწყაროში – 1, ლაგოდეხში – 1, საგარეჯოში – 2 და სიღნაღში – 1. „რთველი 2018-ის“ საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 150-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. ყურძენი უკვე გადაამუშავა 71-მა ღვინის კომპანიამ“, – განმარტეს სააგენტოში.
სააგენტოს ინფორმაციითვე, 8 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 23 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 14 ათას ტონამდე საფერავი, 5 ათას ტონამდე რქაწითელი, 800 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მევენახეების შემოსავალმა 37 მლნ ლარს გადააჭარბა.
„განვლილ დღე-ღამეში 6 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ნიშნავს, რომ რთველი პიკურ ფაზაშია. რამდენიმე საწარმო, რომელიც რთველის პროცესში დასაწყისიდან ჩაერთო, გადაივსო და ამ ეტაპზე შეაჩერა მუშაობა, რაც არის ჩვეულებრივი მოვლენა რთველის დროს. ამის მიუხედავად, ყურძნის ჩაბარება არ შეფერხებულა, რადგან რთველის პროცესში ახალი საწარმოები ერთვებიან. კახეთის ყველა რეგიონში ღვინის საწარმოები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ ყურძნის მიღებას“, – აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ანდრო ასლანიშვილმა.
მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი