წინანდლის კასრში დავარგებული ვისკი „ჯიმშერი“ უკრაინაში გაიყიდება

წინანდლის კასრში დავარგებული ქართული ვისკი „ჯიმშერი“ სამ კვირაში უკრაინის ბაზარზე გამოჩნდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ განაცხადა, მათ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს და პირველი ქართული ვისკი ექსპორტისთვის მზადაა.
მისი ინფორმაციით, სამომავლოდ ვისკის გატანა ამერიკის ბაზარზეც იგეგმება.
„ამერიკის ბაზარზე სერთიფიცირება გავიარეთ. ამ ეტაპზე დეგუსტაციის პროცესი მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ამერიკის ბაზარზეც გავალთ. ასევე ვგეგმავთ ისრაელისა და ინდოეთის ბაზრების ათვისებასაც “ – განაცხადა ჯიმი ჩხაიძემ.
პირველი ქართული ვისკი JIMSHER-ი ბაზარზე, 2017 წლის მარტის დასაწყისში გამოჩნდა და ის ანალოგიურ უცხოურ პროდუქციაზე 5%-ით იაფია. ამ ეტაპზე მისი შეძენა და დაგემოვნება თბილისის მასშტაბით 100-მდე სუპერმარკეტშია შესაძლებელი. JIMSHER-ის ლონდონის მსოფლიო ვისკის კონკურსში ერთი ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი აქვს აღებული. ვისკი 0,7 და 0, 50 ლიტრიან ბოთლებშია ჩამოსხმული.
ამჟამად ვისკის სამი სახეობა მზადდება – ტრადიციული საფერავი ნამყოფი კასრში, ქართული ბრენდი კასრში და წინანდლის კასრში დავარგებული ნახადი. ვისკი ექსპორტზე ამჟამად ჩინეთში, ყაზახეთში და პოლონეთში გადის.
მამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი